ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი, ენზელ მკოიანი და დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ სამველ მანუკიანი ის პირები არიან, როლებსაც ერთი წლის განმავლობაში პარლამენტში საჯაროდ სიტყვა არ უთქვამთ. რაც შეეხება ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარ დეპუტატს, გიორგი კოპაძეს საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით მხოლოდ ორჯერ გამოვიდა. კვლევას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქვეყნებს.
მისი ავტორი, ლიკა საჯაია ჩვენთა საუბარში ამბობს, რომ დეპუტატებს არამხოლოდ პლენარულ სხდომაზე არ გაუკეთებიათ ესა თუ ის განცხადება, არამედ ისინი ზოგადად არასდროს აქტიურობდნენ.
„ჩვენ კვლევაში გამოიკვეთა დეპუტატები, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში არ უსარგებლიათ სიტყვით გამოსვლის უფლებით.ეს მონაცემები მოგვაწოდა პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტმა და დათვლილი არის ნებისმიერი მიკროფონის ჩართვა, ეს იქნება პოზიციის გამოხატვა, კითხვის დასმა და ა.შ. აღნიშნულ დეპუტატებს ამ უფლებით არ უსარგებლიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ალბათ არაფერი ჰქონდათ სათქმელი არც პარლამენტისთვის და არც მოსახლეობისთვის. ამათგან უმეტესობა არის მაჟორიტარი დეპუტატი. ვერც იმას ვიტყვით, რომ ეს პარლამენტის წევრები არ სარგებლობენ სიტყვით გამოსვლის უფლებით პლენარულ სხდომაზე, თუმცა მაგალითად აქტიურად მონაწილეობენ კომიტეტის სხდომებზე ან ახდენენ საკითხების ინიცირებას. ეს არ არის სიმართლე. ზოგადად პასიური პარლამენტის წევრები არიან,“ – გვეუბნება საჯაია.
რამ განაპირობა კვლევაში მათი „პასიურ“ დეპუტატებად მოხსენიება? გასარკვევად ჩვენ სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარ დეპუტატებს დავუკავშირდით. მმართველი პარტიის მაჟორიტარმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმა გვითხრა, რომ „მასზე უარყოფითს ვწერთ და ამიტომ კომენტარს არ გააკეთებს.“ რაც შეეხება გიორგი კოპაძეს და სამველ მანუკიანს მათ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.
კვლევის თანახმად რეგიონის დეპუტატების გარდა სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლიათ კიდევ 19 დეპუტატს. ესენია :ირაკლი აბუსერიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი პარლამენტის წევრი), ლევან ბეჟანიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი პარლამენტის წევრი), რუსლან გაჯიევი (უმრავლესობა, მაჟორიტარი პარლამენტის წევრი), მახირ დარზიევი (უმრავლესობა), მუხრან ვახტანგაძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი პარლამენტის წევრი), ზაზა კედელაშვილი (ფრაქცია „ევროპული საქართველო”), თეიმურაზ კოხრეიძე (უმრავლესობა), იოსებ მაკრახიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი პარლამენტის წევრი), გიორგი მოსიძე (დამოუკიდებელი წევრი, მაჟორიტარი პარლამენტის წევრი), რომან მუჩიაშვილი (უმრავლესობა, მაჟორიტარი პარლამენტის წევრი), რამაზ ნიკოლაიშვილი (დამოუკიდებელი წევრი), რუსლან პოღოსიანი (უმრავლესობა), დიმიტრი სამხარაძე (უმრავლესობა), ერეკლე ტრიპოლსკი (უმრავლესობა), გოდერძი ჩანქსელიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი პარლამენტის წევრი), არჩილ ხაბაძე (უმრავლესობა), ირაკლი ხახუბია (უმრავლესობა, მაჟორიტარი პარლამენტის წევრი), ელგუჯა გოცირიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი პარლამენტის წევრი), ვიქტორ ჯაფარიძე (უმრავლესობა).
ავტორი: მიშო დარბაიძე