Covid-19 -ის წინააღმდეგ მთავრობის მიერ გატარებული ქმედებებით კმაყოფილია გამოკითხული მოსახლეობის 37 %-ია. მაჩვენებელი ერთი თვის წინ 4%-ით მაღალი იყო. ერთპროცენტიანი სხვაობაა უკმაყოფილოთა პროცენტულ მაჩვენებელში. აგვისტოში ეს რიცხვი 6 % იყო.
განსხვავებული დამოკიდებულება აქვს მოსახლეობას პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შედეგების მართვასთან. თუ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას 37 % აფასებდა დადებითად, ეკონომიკურ პროცესებზე მთავრობის ქმედებებით ძალიან კმაყოფილი მხოლოდ 15 % -ია.
ამავე ცხრილით, მოსახლეობის უმრავლესობა 40 % – ნაწილობრივ კმაყოფილია, 24 %- ნაწილობრივ უკმაყოფილო, 19 % კი ძალიან უკმაყოფილო.
კითხვაზე – Covid- 19-ის პანდემიის შემდეგ, როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა? გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ პანდემიის გამო, მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა.
25%-ის თქმით, მდგომარეობა დიდწილად გაუარესდა. 39% კი ამბობს, რომ გაუარესდა. გამოკითხულთა 32%-ის თქმით, მათ ეკონომიკური მდგომარეობა იგივე დარჩა.
საველე სამუშაოები 2020 წლის 4 – 21 აგვისტოს პერიოდში „აიფიემის“ მიერ ჩატარდა. მონაცემები მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით შეგროვდა. ქვეყნის მასშტაბით სულ 1500 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 პროცენტს არ აღემატება. გამოპასუხების მაჩვენებელი კი 75%-ია. გამოკვლევა USAID-მა დააფინანსა.