ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კვლავ საქართველოშია. ვიზიტს წინ უძღოდა ევროკავშირის მედიაციით შემუშავებული დოკუმენტის ხელმოწერა ქართული ოცნების და ოპოზიციის რიგი წარმომადგენლის მიერ.
შეთანხმებას ამ დრომდე არ აქვს “ნაციონალური მოძრაობისა”, “ევროპული საქართველოსა” და “ლეიბორისტული პარტიის” ხელმოწერა.
რა გავლენას მოახდენს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე შეთანხმების ხელმოწერა და როგორ აფასებენ გადაწყვეტილებას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები სამცხეში?
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი სამცხეში, ვაჟა ჩიტაშვილი ამბობს, რომ კრიზისის დასაძლევად საჭიროა ვადამდელი არჩევნების ჩატარება. “დოკუმენტში ეს პუნქტი არ იყო, შესაბამისად არც ნაც. მოძრაობამ არ მოაწერა ხელი.”
რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ და წინააღმდეგ შემთხვევაში დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ “ევროპულ საქართველოშიც.”
“ლელო” ერთ-ერთი პარტიაა მათ შორის, რომელმაც ევროსაბჭოს პრეზიდენტის მედიაციის შედეგად შემუშავებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა. პარტიის წარმომადგენელი ახალციხეში, ჯუმბერ ინასარიძე ამბობს, რომ ისინი მანამ არ შევლენ პარლამენტში, სანამ მელიას და რურუას არ გაათავისუფლებენ.
“ხელოვნური კრიზისი უკვე დაძლეულია” – ასე გამოეხმაურა სამცხის დეპუტატი, ანტონ ობოლაშვილი ოპოზიციური პარტიების ნაწილის დოკუმენტზე ხელის მოწერას და პარლამენტში შესვლაზე თანხმობას.