საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტის, ნიკოლოზ ფაჩუაშვილის შეთავაზებაზე უარს აცხადებს. სააკაშვილის თქმით, სასულიერო პირის შეთავაზება დასაფასებელია თუმცა “უსაფუძვლო განაჩენების” გამო იგი არ დათანხმდება “არანაირ პატიმრობას”.
ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის შინაპატიმრობაში გადაყვანა შესთავაზა. მისი თქმით, იგი მზად იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტი თავის რეზიდენციაში გადაეყვანა.
სააკაშვილის განცხადების შემდეგ ჩვენ მიტროპოლიტს დავუკავშირდით. მან გვითხრა, რომ შეთავაზება იმისათვის ჰქონდა, რომ “ქვეყანაში მშვიდობა ყოფილიყო”.
“მე რაც შემეძლო იმისათვის, რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს ნაბიჯები გადავდგი. ეს მისი აზრია და როგორც უნდა ისე იფიქრებს. მე ხელისუფლებასთან მქონდა შეთავაზება და უარყვეს ეს აზრი,” – გვითხრა მიტროპოლიტმა