პატრიარქის იგავი, რომელშიც ახალგაზრდები იმარჯვებენ

May 13, 2024

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ილია II მოსახლეობას მიმართავს. მიმართვის წერილში, პატრიარქს მოყვანილი ჰყავს იგავი სამი ახალგაზრდის შესახებ, რომლებიც მეფე ნაბუქოდონოსორმა დასჯის მიზნით, გავარვარებულ ღუმელში ჩაყარა, თუმცა გადარჩნენ, რადგან უფლის ანგელოზი იყო მათთან.

“მინდა შეგახსენოთ ჭეშმარიტი ღვთის სადიდებელი ლოცვა სამი ახალგაზრდისა: – ანანია, აზარია და მისაელისა, რომლებიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დასჯის მიზნით ისეთ გავარვარებულ ღუმელში ჩაყარა, რომ მის ახლოს მყოფი ადამიანებიც ცეცხლის ალისგან დაიწვნენ, ისინი კი სრულიად უვნებელნი დარჩნენ, რადგან უფლის ანგელოზი იყო მათთან და ცეცხლის მხურვალებამ ვერაფერი დააკლოთ.”

“ამჟამად ჩვენი ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის. მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს, რადგან არ ვიქცევით სწორად, არ მივმართავთ და არ ვსასოებთ მას, ვინც არის სათავე და წყარო მშვიდობისა,- ყოვლადწმინდა სამება.

შევთხოვოთ ყოვლისშემძლე და ყოვლადძლიერ ღმერთს, რომ, როგორც ანანია, აზარია და მისაელი გადაარჩინა მან უდიდეს განსაცდელს, საქართველოც გადაარჩინოს და მშვიდობითა და ერთობით გვაკურთხოს,” – ნათქვამია განცხადებაში.