პედოფილია და სახელმწიფოს ქცევა – ახალციხე 

April 14, 2025

ავტორი: მიშო დარბაიძე – 577681889

ამბავი ახალციხეში სავარაუდო პედოფილიის და სახელმწიფოს უმოქმედო ქმედებების შესახებ – ნახეთ სიუჟეტი

ტექსტი:

4 დღე გავიდა მას შემდეგ რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში ორი არასრულწლოვანზე სავარაუდოდ სექსუალურად ძალადობდნენ. 

4 დღის შემდეგაც კი არასრულწლოვანებთან მუშაობა არ დაუწყია ფსიქოლოგს. ამას ერთ-ერთი დაზარალებულის დედა ექსკლუზიურად გვეუბნება.

4 დღეა ვცდილობთ სავარაუდო პედოფილიის საქმეზე სახელმწიფო უწყებებისაგან მივიღოთ პასუხები, მათ შორის პროკურატურისაგან, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსაგან, სახალხო დამცველთან, განათლების რესურსცენტრის ახალციხის წარმომადგენლობისაგან თუმცა ნაწილი არ გვპასუხობს, ნაწილი გვეუბნება რომ “მოიკითხავენ”, ნაწილი კი გვეუბნება, რომ პასუხებს მხოლოდ საჯარო ინფორმაციის წესით გამოითხოვს შემთხვევაში მივიღებთ.

რა მოხდა?

არასრულწლოვანებზე სავარაუდო სექსუალური ძალადობა ახალციხეში

ახალციხის მუნიციპალიტეტში ზრდასრული მამაკაცი 2 არასრულწლოვანზე სავარაუდოდ სექსუალურად ძალადობდა. ფაქტის გამჟღავნების შემდეგ პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება გაუპატიურების ბრალდებით მიმდინარეობს.

ერთ-ერთი არასრულწლოვანის დედა გვიყვება, რომ ბავშვი ძალადობის შესახებ სახლში არაფერს ამბობდა, ფიქრობს რომ მიზეზი შიშია. “ეშინოდა , არ მეუბნებოდა, ეგონა ვეჩხუბებოდი”,-გვიყვება დედა. და იქვე ამატებს, რომ მისი რეაქცია სხვა იქნებოდა, დროულად რომ სცოდნოდა და ის შვილს აუცილებლად დაიცავდა. 

“არ მეუბნებოდა, ეგონა, ვეჩხუბებოდი…“ —  შესაძლო სექსუალური ძალადობის მსხვერპლის დედა 

დედა ამბობს, რომ ბავშვები შეშინებული არიან, ღამით კანკალით იღვიძებენ, მაგრამ ამ ფონზე მათთან დღემდე არცერთი ფსიქოლოგი არ მუშაობს. 

სანამ სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ ბავშვებს ფსიქოლოგი დაუნიშნოს, შემდეგ კი საჯარო ინფორმაცია ჩვენც მოგვაწოდოს, ჩვენ ფსიქოლოგს ვკითხეთ თუ რა უნდა მოიმოქმედოს მშობელმა და შვილის ქცევის რა ნიშნებს დააკვირდეს მსგავსი ტრავმების თავიდან ასარიდებლად.

ახალციხეში არასრულწლოვანებზე ძალადობის ეს ამბავი შემთხვევითობის შედეგად გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. ძალადობის შესახებ ერთ-ერთმა ბავშვმა თანაკლასელს ფურცელზე მისწერა, რომელიც შემთხვევით მასწავლებელმა წაიკითხა. წყარო გვიყვება, რომ სკოლის დირექტორს მყისიერი რეაგირება ჰქონდა. რა მოიმოქმედა მან ან განათლების რესურსცენტრმა ჩვენთვის კვლავ უცნობია, რადგან არცერთი მათგანი უკვე რამდენიმე დღეა არ გვპასუხობს. 

სტატისტიკის თანახმად, 2022 წლიდან 2024 წლის იანვარ-თებერვლის ჩათვლით, საქართველოში არასრულწლოვანებზე სექსუალურად ძალადობის 285 შემთხვევა დაფიქსირდა – ამას “რადიო თავისუფლება” საქართველოს პროკურატურიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. 

რაზე მეტყველებს სტატისტიკა და რა უნდა მოიმოქმედოს სახელმწიფომ ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციისთვის? გვესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იურისტი, თამარ კაპანაძე. 

ახალციხელ არასრულწლოვანებზე სავარაუდო ძალადობის საქმეზე განხილვები სასამართლოში გრძელდება, საქმეში ბრალდებული მათივე მეზობელია.