პოლიტიკური გავლენები დასაქმების პროგრამის ხელშეწყობაზე-MDDC მონიტორინგს იწყებს

November 1, 2024

„საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“, რომელიც მიზნად ისახავს სიღარიბის შემცირებასა და სოციალურ შემწეობებზე დამოკიდებულების შეზღუდვას, საქართველოს მთავრობამ 2022 წელს დაიწყო.
პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველ პირებს საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულება 300 ლარის ოდენობით უნაზღაურდებათ, ასევე უნარჩუნდებათ სოციალური დახმარება 4 წლის ვადით.

მუნიციპალური დემოკრატიის განვითარების ცენტრის თქმით, პროგრამა უკვე მესამე წელია მიმდინარეობს, მისი რეალური შედეგები და პროცესი კი გაუმჭვირვალეა. სტატისტიკური მონაცემებით, 2022-2023 წლებში ქვეპროგრამაში 69 322 ბენეფიციარი ჩაერთო, თუმცა, ეს რიცხვი ბევრად ჩამორჩება მთავრობის თავდაპირველ მოლოდინებს. დღემდე არ არსებობს სრული ინფორმაცია, თუ რა არის მონაწილეთა დაბალი ჩართულობის მიზეზი, ან რა პრინციპით ხდება ვაკანსიების შექმნა. ასევე, უცნობია, თუ რამდენად ეხმარება პროგრამა სოციალურად დაუცველ პირებს შრომის ბაზარზე დამკვიდრებაში.

პროექტი განხორციელდება ხუთ სამიზნე მუნიციპალიტეტში: რუსთავში, გორში, ნინოწმინდაში, ხარაგაულსა და ოზურგეთში. მუნიციპალიტეტები შერჩეულია ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა მოსახლეობის ეთნიკური მრავალფეროვნება, მთის რეგიონების დასახლებები და დასაქმების სხვა პროგრამების პარალელური მოქმედება.

პროექტი USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, მიზნად ისახავს შეისწავლოს, რამდენად ეფექტიანად ემსახურება სამთავრობო პროგრამა სოციალურად დაუცველთა მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათ დასაქმებას შრომის ბაზარზე; გამოავლინოს მისი ძირითადი ხარვეზები, საჭიროებები და შეიმუშაოს რეკომენდაციები, რომლებიც ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის – სოციალურად დაუცველთა უფლებებისა და მდგომარეობის რეალურ გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს; ასევე, გამოავლინოს, ხომ არ ხდება ამ პროგრამისა და მისი ბენეფიციარების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, ან რა გავლენას ახდენს ის მუნიციპალიტეტების სერვისებზე.