“სიდუხჭირის გამო, ჯავახეთიდან წასულმა საქართველოს მოქალაქეებმა, მოქალაქეობა დაკარგეს, თუმცა, სახელმწიფო აღარ ანიჭებს,” – ამბობს “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთში, სოფიო ხორგუანი, ამის შესახებ მან დღეს, ბრიფინგზე განაცხადა.
ხორგუანმა, ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, წერილი ქვეყნის პრემიერ მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს გაუგზავნა.
მისი თქმით, ამ მოქალაქეობის არ ქონის გამო, ეთნიკური უმცირესობები ვერ სარგებლობენ სახელმწიფო პროგრამებით, ვერ იღებენ უფასო სამედიცინო დახმარებას და მეტიც, განსაზღვრულზე მეტის გადახდა უწევთ.
რა პოზიცია აქვთ აღნიშნულის შესახებ იუსტიციის სამინისტროს და რით ხსნიან მოქალაქეობის არ მინიჭების მიზეზებს? – უწყებაში გვითხრეს რომ კითხვები წერილობით გაგვეგზავნა. (მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება)
დავუკავშირდით შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსაც იმის გასაგებად, აქვთ თუ არა პროგრამა მოქალაქეობის არ მქონე პირების მხარდასაჭერად, – მათგან პასუხის მიღებასაც ველოდებით.