პროექტი წალკაში, რომელიც ქალების ცხოვრებას ცვლის

May 29, 2025

41 წლის დარინა ძირკვაძე წალკაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. რამდენიმე თვეა ახალ პროფესიას ეუფლება, მალე სტილისტად მუშაობას შეძლებს.

დარინას და მისი 6 წლის შვილის შესახებ, ჩვენმა რედაქციამ რეპორტაჟი შარშან მოამზადა, რომელიც წალკაში, სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამის არარსებობას ეხებოდა.

ამის გამო დარინას მცირეწლოვან შვილთან ერთად დედაქალაქში ყოველთვიურად ჩამოსვლა ახლაც უწევს, რაც ახალგაზრდა ქალს სხვა სირთულეებთან ერთად დასაქმებაშიც უშლის ხელს.

თუმცა, 2024 წელს წალკაში, ევროკავშირის დაფინანსებით და რეგიონული ორგანიზაცია CENN ორგანიზებით, განხორციელდა პროექტი, რომელიც, ოჯახში მარტოდ მცხოვრები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების სოციალურ- ეკონომიკური გაძლიერებას ითვალისწინებს. პროექტი წალკაში ახლა მიმდინარეობს და მალე დასრულდება. გარდა დასაქმების ხელშეწყობისა, პროექტში ჩართული ქალებისთვის, გათვალისწინებული იყო მათი შვილებისთვის ძიძების აყვანა, რამაც შესაძლებელი გახადა სხვა ქალების დასაქმებაც. შერჩეული ძიძები გადამზადდნენ პირველადი გადაუდებელი დახმარების, ქცევის მართვის საფუძვლებისა და სხვა საჭირო მიმართულებებით.

დარინა პროექტში გასულ წელს ჩაერთო, რამდენიმე თვეა ის სტილისტის პროფესიის დაუფლებას სწავლობს, კურსის დასრულების შემდეგ, საკუთარი სალონის გახსნას აპირებს. ამბობს, რომ ამ პროექტის დახმარებით, შესაძლებლობა ექნება საკუთარი პროფესიით იმუშაოს და შვილიც გვერდით ჰყავდეს.

გარდა პროფესიის შესწავლისა, დარინა წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვა ქალებთან ერთად ესწრებოდა ტრენინგებს, შეხვედრებს ფსიქოლოგთან, უტარდებოდათ ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრები მათთვის საჭირო საკითხებზე.

პროექტი წალკაში ორგანიზაციამ ,,ერთად რეალური ცვლილებებისთვის განახორციელა.“ რომელიც CENN-ის და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის, “სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ- კოვიდ აღდგენისათვის’’, ფარგლებში განხორციელდა.

დარინა მახარაძე: მადლიერი ვარ ამ პროექტში ჩართულობით, ვიცი რომ ეს ევროკავშირის და CENN -ის დახმარებით განხორციელდა. აგვიყვანეს ძიძები, რომლებიც ჩვენს შვილებთან იმ დროს არიან, როცა ჩვენ სასწავლებლად დავდივართ. მე გადავწყვიტე სტილისტობა მესწავლა, ჩემს შვილთან ყოფნის საშუალება რომ მქონდეს მუდამ.

ვისწავლი, ვიმუშავებ და შვილთანაც ვიქნები, ეს ხომ ძალიან კარგია. ხელს გვიწყობენ, ინდივიდუალურად დავდივარ მასწავლებელთან. კურსის დამთავრების შემდეგ, ძალიან მინდა მქონდეს საკუთარი სალონი, სადაც, ბავშვის კუთხეც მექნება და ზუკა გვერდით მეყოლება. ბევრ ქალბატონს მოუნდა ამ პროექტში ჩართვა, ნახეს რომ დაგვიფინანსდა სწავლა და გვაქვს დასაქმების საშუალებაც. ძალიან კარგი ფსიქოლოგი გვყავს მარიამი, ბევრი სირთულე გადაგვალახვინა.

ნათია ლომთაძე, ორგანიზაცია “ერთად რეალური ცვლილებებისთვის”, სოციალური მუშაკი, ჩვენს რედაქციასთან ამბობს, რომ რეგიონებში რთულად ხელმისაწვდომია ფსიქოლოგის კონსულტაცია, არც წალკაა გამონაკლისი და ამ პროექტის საშუალებით ბენეფიციარებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ინდივიდუალურ და ჯგუფურ სეანსებში, რაც მათ დაეხმარათ სირთულეებს და გამოწვევებს გაუმკლავდეთ.

დარინას მსგავსად პროექტში ჩაერთო შორენა ყულოშვილიც. ის წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანში 13 წელია ცხოვრობს. მარტოხელა დედა ორ მცირეწლოვანს უვლის, უფროსი სპეციალური საჭიროების მქონეა, შორენა არწივანის სკოლაში შვილის ასისტენტად მუშაობს.

შორენაც სხვა ქალების მსგავსად ჩართულია ევროკავშირის და ორგანიზაცია CENN- ის მიერ განხორციელებულ პროექტში. ის ბუღალტერიას და საოფისე პროგრამებს სწავლობს. ამბობს რომ მზადაა ცოდნა შეიძინოს, წარმატებული იყოს და შვილს დაეხმაროს.

შორენა ყულოშვილი: ,,ეს პროექტი გვაძლევს სწავლისა და დასაქმების საშუალებას. ძალიან მომწონს, ბედნიერი ვარ. მარტოხელა დედებისთვის ამ პროექტში ჩართვა არის შანსი, ვიყოთ ბავშვებთან ერთად და ვიყოთ დასაქმებული. ძალიან კმაყოფილი ვარ მასწავლებლითაც, დეტალებში გვიხსნის, რა, როგორ გავაკეთოთ. გაკვეთილები ონლაინ გვიტარდებოდა, ბუღალტერიის კურსი დავასრულე და რამდენიმე გაკვეთილი მაქვს დარჩენილი საოფისე პროგრამებზე.“

შორენა ამბობს რომ პროექტში ჩართვის შემდეგ მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, თავდაჯერებულობა მოემატა და შეუძლია საკუთარი ცხოვრება დამოუკიდებლად მართოს.

პროექტი ,,სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის“ ითვალისწინებს მარტოდ მცხოვრები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების/მზრუნველების მხარდაჭერას, რათა ეფექტიანად გაუმკლავდნენ მათ წინაშე მდგარ ფსიქო-სოციალურ გამოწვევებს.

ამასთანავე, ხელს უწყობს მათ დასაქმება/თვითდასაქმებას. პროექტის ფარგლებში შეირჩა 10 მშობელი (ქალები), რომლებსაც ჩაუტარდათ ჯგუფური შეხვედრები/ტრენინგები მშობლის უნარების გაძლიერების მიზნით, ასევე ინდივიდუალური კონსულტაციები მათთვის საჭირო საკითხებზე. ჯგუფური შეხვედრები ემსახურებოდა მათთვის საინტერესო სერვისებზე ინფორმაციის მიწოდებას, ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასა და პოზიტიური მშობლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

ორგანიზაცია CENN- დირექტორის მოადგილის, პროექტების მენეჯერი, ნინო თევზაძე: ,,ეს პროექტი განხორციელდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება“- ფარგლებში და ჩვენ გვქონდა სამი სხვადასხვა ტიპის ქვე გრანტი და უშუალოდ წალკის პროექტი განხორციელდა იმ ქვე გრანტის ფარგლებში რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად პილოტური ინიციატივების განხორციელებას. ეს იყო სოციალური სერვისი, რომელიც ჩვენ დავტესტეთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად და მასაც ჰქონდა გარკვეული ტიპის კონტრიბუცია ფინანსური ამ პროექტში. ეს იყო ერთობლივი პროექტი, რომელიც განხორციელდა წალკის მუნიციპალიტეტში, რომელიც მიზნად ისახავდა მარტოხელა დედების ან სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების დედების და მზრუნველების გაძლიერებას.

სოციალური სერვისი ორი მიმართულებით მიმდინარეობდა, ერთის მხრივ აძლიერებდა მშობლებს როგორც პოზიტიური მშობლობის მიმართულებით ხელს უწყობდა მათ ფსიქო სოციალურ გაძლიერებას, ასევე ეხმარებოდა მათ დასაქმებაში. სხვადასხვა ტიპის ტრენინგები იყო მათი საჭიროებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც შემდგომში დაეხმარება ამ მშობლებს თვითდასაქმებაში.

იმისათვის, რომ ამ მშობლებს შესძლებოდათ ტრენინგებზე დასწრება, პროექტი ითვალისწინებდა ძიძების კომპონენტს. სოციალურად დაუცველი მოსახლეობიდან ხდებოდა ძიძების შერჩევა, სპეციალური კრიტერიუმის გათვალისწინებით. ხდებოდა ძიძების დატრენინგება რათა მათ შესძლებოდათ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან სათანადო მუშაობა და მაშინ როდესაც მშობლები მოდიოდნენ ტრენინგებზე ეს ძიძები მუშაობდნენ და რჩებოდნენ ბავშვებთან. რადგან როგორც წესი ამ ტიპის ბავშვების მშობლები ვერ ახერხებენ სახლიდან გასვლას.

გარდა იმისა, რომ ეს ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია, პრაქტიკულად იკეტებიან სახლში თავის პრობლემასთან ერთად, რაც აისახება ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რადგან ისინი ვერ ახერხებენ დასაქმებას. კომპლექსური მიდგომით მოვახდინეთ ამ სოციალური სერვისის დატესტვა. ეს მიმდინარე პროექტია რომელსაც, ,,ერთად რეალური ცვლილებებისთვის“- ორგანიზაცია ახორციელებს. თავიდან სირთულეები იყო, რთული სეგმენტია, მათში ნდობის მოპოვება თავიდან რთული იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც გარკვეული პერიოდი იმუშავა ამ ორგანიზაციამ, ნდობა მოიპოვა და დიდი ინტერესით მოდიოდნენ.ეს საჭიროებაზე მორგებული სოციალური სერვისია და დიდი იმედი გვაქვს პროექტის დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტი შეძლებს შემდგომი წლის ბიუჯეტში ფინანსების გამოყოფას, ეს სერვისი რომ გაგრძელდეს. “

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი “სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის” ფარგლებში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, CENN-ი სოციალური სერვისების განვითარებას უწყობს ხელს.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა ინიციატივები, რომლებიც სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

სწორედ ეს განხორციელებული პროექტები გააცნეს ქვემო ქართლში გამართულ მედია ტურზე ჟურნალისტებს. პროექტი ეფუძნება ხედვას, რომ ძლიერი და კომპეტენტური სამოქალაქო საზოგადოება ხელს უწყობს საზოგადოების თვითგანვითარებას და მხარს უჭერს სახელმწიფოს, როგორც სოციალური მომსახურების მთავარ მიმწოდებელს.

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტი მუშაობს ქვემო ქართლის (მარნეული, თეთრიწყარო, დმანისი, გარდაბანი, ბოლნისი, წალკა) და სამცხე-ჯავახეთის (ახალციხე, ნინოწმინდა) რეგიონების რვა მუნიციპალიტეტში და უზრუნველყოფს სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობას სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხარისხის გასაუმჯობესებლად და მათ შესაძლებლობების განსავითარებლად.

Tags: , ,