დღეს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლის თვითმმართველობა და გუმბათის სკოლის მოსწავლეების ნაწილი გაიფიცა.
მათ სოციალურ ქსელში ფოტო მასალაც გაავრცელეს. კადრები, გაუზიარეს ჩვენს რედაქციას და აღნიშნეს, რომ ,,რუსეთი მტერია და საქართველოს გზა ევროპაშია“.
ეს ფრაზები მოსწავლეებმა დაფაზე დატოვეს: ,,საქართველო არ გახდება რუსეთი“; ,,სადაც არ არის თავისუფლება იქ არც განათლებაა“!!! ; ,,არა რუსეთს! ,,საქართველოს გზა ევროპაშია!!!“ “როგორც უფალი სამშობლო, ერთია ქვეყანაზედა”.
,,ჩვენ ავრანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს, ყოველთვის გვასწავლიდნენ ჩვენი მასწავლებლები, რომ არასდროს, არავის აქვს უფლება ჩაახშოს ჩვენი საკუთარი აზრი და შეგვეშინდეს გამოხატვა პოზიციის, ჩვენ ასე გავიზარდეთ და ასე ვიზრდებით, საწყენია ფაქტი თუ ეს ყველაფერი ახლა გახდა პრობლემა, დღეს ჩვენ ვუერთდებით ყველა იმ სკოლასა და კლასს, მხარდაჭერას გამოვხატავთ ხალხისადმი და მათ გვერდით ვართ! საქართველოს ადგილი მხოლოდ ევროპაშია!“
ჩვენი რედაქცია დაუკავშირდა სოფელ ავრანლოსა და სოფელ გუმბათის სკოლების დირექტორებს. ჩვენ მათ ვკითხეთ, იზიარებდნენ თუ არა ისინი მოსწავლეების შეხედულებებს.
ავრანლოს სკოლის დირექტორი მიხეილ ჯაყელი: ,,ვინ გითხრა რომ გაიფიცა? – სკოლაში ვარ და ჩვეულებრივად მიმდინარეობს სწავლის პროცესი. დაუკავშირდით იმ ბავშვებს და გეტყვიან. კითხვაზე – უერთდება თუ არა სკოლა ევროპული მომავლისკენ წინსვლას, დირექტორი ასე გვპასუხობს: ,,არა, მე პირადად არ ვუერთდები და არ მაქვს სურვილი შევუერთდე იმას, რაც დღეს ხდება საქართველოში. არ მიმაჩნია სწორად. სწორად მიმაჩნია ნორმალურად გამოსვლა, არა იმ ყველაფრის მტვრევა, მსხვრევა ან ერთი მხარიდან ან მეორე მხარიდან. აქცია უნდა იყოს მოწოდებები, რაღაცას უნდა ვისმენდეთ და რაღაცას უნდა ვლაპარაკობდეთ და არ ის რომ, ღამდება მივიდეთ ვამტვრიოთ, ვამსხვრიოთ და ვეჩხუბოთ ერთმანეთს. “
კითხვაზე, უქმნის თუ არა დისკომფორტს მიმდინარე მოვლენები და ის, რასაც რუსეთი წლების განმავლობაში ჩადიოდა საქართველოს წინაშე, მით უფრო მაშინ, როდესაც დირექტორი ისტორიის მასწავლებელია, მიხეილ ჯაყელის კომენტარი შემდეგია:
,,მე დისკომფორტს მიქმნის ყველა ის შეხედულება, რომელიც არასწორად მიეწოდება ხალხს და ბავშვებსაც. არავინ არსად რუსეთისკენ არ იხედება, არც ვინმეს რუსეთისკენ ნაბიჯი არ გადაუდგამს და არ გვინდა ასეთი საუბარი. ქვეყანა მიდის სწორი გზით ევროპის გზით და მიდის ღირსეულად, ნორმალურად, ჩემი პასუხი ეს არის. “
TOK TV -თან საუბრობს გუმბათის სკოლის დირექტორიც რამაზ ძირკვაძე: „სკოლაში ვარ დილიდან და მიმდინარეობს სწავლის პროცესი, გაკვეთილები ჩატარდა, სრულად არ იყვნენ მაღალკლასელები, აკლდათ. დაწყებითში ყველა იყო.
იზიარებთ თუ არა მოსწავლეების განწყობას? რამაზ ძირკვაძე გვპასუხობს : ,,მე ვიზიარებ ხალხის აზრს, ვიზიარებ ევროპულ მომავალს ჩვენსას. “
გთავაზობთ 3 დეკემბრის 20:00 საათის მონაცემებს, რომელიც ასახავს აპროტესტო აქციაზე დაშავებულთა და დაკავებულთა შესახებ ინფორმაციას: ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი. აქედან სასამართლომ განიხილა 89-ის შემთხვევა: დაჯარიმდა 43 ადამიანი, 41 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, ხუთს კი შენიშვნა მისცეს. შსს-ს ცნობით, სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღო უწყების 143-მა თანამშრომელმა. აქციების გაშუქებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებსაც.