გამოჯანმრთელებულთა რიცხვის მკვეთრი ზრდა პაციენტების მართვის პროტოკოლში ცვლილებებს უკავშირდება – ასე განმარტავს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ბოლო დღეებში ქვეყანაში ოფიციალური მონაცმებით, კოვიდი 19-სგან განკურნებული პაციენტების მატებას.
StopCov.ge-ის მონაცემებით, ბოლო დღეებში საქართველოში გამოჯანმრთელებული კოვიდპაციენტების რიცხვი ასეულებს შეადგენს, 29 სექტემბერს ეს რიცხვი 270 იყო, გუშინ 796 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღეს კი 299.
ინფექციონისტი ამბობს, რომ პროტოკოლში ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება საერთაშორისო რეკომენდაციებს და გამოცდილებას ეფუძნება. მისივე თქმით, ადამიანი სიმპტომების დაწყებიდან 10 დღის შემდეგ გადამდები აღარ არის.
“მკვეთრად მატება განაპირობა რეგულაციის ცვლილებამ. შეიძლება ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდეს PCR დადებითი, მაგრამ ეს ადამიანი არც ავად არის ამ დროს და არც გადამდებია.”- განმარტავს ინფექციონისტი.
ახალი დოკუმენტის მიხედვით, თუ კოვიდინფიცირებულ პაციენტს მე-10 დღეს სიმპტომები არ აღენიშნება, ის ავტომატურად გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა და PCR ტესტის განმეორებით ჩატარების გარეშე შეუძლია სტაციონარის დატოვება. მანამდე არსებული პროტოკოლით კი პაციენტს 24 საათში 2-ჯერ ჩატარებული ტესტით ვირუსზე უარყოფითი პასუხი უნდა ჰქონოდა.
დღეს StopCov.ge-ის მონაცემებით, საქართველოში კოვიდიინფიცირების 448 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 6640-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 3419-ია. გარდაცვლილია 41 ადამიანი.