ჟამი ნეშტთა შეგროვებისა

September 27, 2023

აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტით დაშორებულმა ორივე მხარის ოჯახებმა, უკვე 243 პირის ნეშტი იპოვეს და დაიბრუნეს, თუმცა 2000-ზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. აფხაზი და ქართველი დედები და მათი გაერთიანებები დაღუპული შვილების ძებნას 30 წელია არ წყვეტენ.

თბილისში სამების საკათედრო ტაძარი არის ბოლო ადგილი, სადაც უკანასკნელ წლებში , უმეტესად საერთო სამარხებში ნაპოვნ   და დნმ-ს ანალიზით ამოცნობილ, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულებს ასვენებენ და ემშვიდობებიან. სულ ბოლოს (2023 წლის 20 ივლისი) აქ 13 პირის  პანაშვიდი გადაიხადეს, როცა სოხუმიდან 4 სამხედრო და 8 სამოქალაქო პირი გადმოასვენეს.

თბილისი: აფხაზეთში დაღუპულთა გადასვენების პროცესი

სოხუმი: დაღუპულთა გადასვენების პროცესი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ინფორმაციით, 2010 წლიდან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობით ორი საკოორდინაციო მექანიზმი ამოქმედდა. მათგან ერთი 1992-93 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტს, ხოლო მეორე 2008 წლის ომს ეხება. ამ პროცესში  კონფლიქტით დაშორებული მხარეებიც აქტიურად არიან ჩართულნი. ამ გზით დღემდე 601 ნეშტი, უმეტესად საერთო სამარხებში იქნა ნაპოვნი. მათი იდენტიფიცირების პროცესი დღესაც გრძელდება.

სოხუმი: საერთო სამარხის გათხრა – წითელი ჯვარი-ს ფოტო

ალმას კაპბა ერთ-ერთი პირველი იყო, რომლის ნეშტი ამ მექანიზმების ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად იპოვეს და ამოიცნეს. მის შესახებ ინფორმაციას წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებში მივაკვლიეთ. მათი ცნობით 17 წლის ალმასი , რომელიც კონფლიქტისას საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდა, 70-ზე მეტ ადამიანთან ერთად სოხუმში ე.წ. დიდების პარკში იყო  დამარხული. ამ საერთო სამარხში დაკარგულები  კონფლიქტის ორივე მხარეს დაღუპულთა ოჯახებმა იპოვეს . სწორედ მათ შორისაა კაპბას ოჯახიც – ფირუზა ჭამაგუა – კაპბა, დაღუპული ალმას კაპბას დედა, რომელიც მოძროაბა ,,აფხაზეთის დედების“ სოხუმის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

,,სასოწარკვეთილების დროს, ყველგან ვეძებდით ალმასის ნაშთებს სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის, ,,ახბიუკის“ მთაზე, სადაც ვერტმფრენი ჩამოვარდა 1993 წლის ივლისში, რომელშიც რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. როდესაც ჩვენ პირველად ავედით  მთაზე, მხოლოდ ძვლები ვნახეთ.  რამდენიმე ცხედარი მთლიანად დაიწვა. მახსოვს მოხუცი, რომელმაც იპოვა სპილენძის ფირფიტა  ნომრით 1013 . ეს იყო მისი შვილის ნომერი. ავარიის ადგილიდან ყველა ძვალი საბოლოოდ შეგროვდა და ორ კუბოში ჩაიდო. მას შემდეგ ვფიქრობდი, თუ როგორ მოხერხდებოდა ამ ნაშთების იდენტიფიცრება“ – იხსენებს ფირუზა წითელი ჯვრის მისიასთან საუბარში 2016 წელს – ,,ახლა მე შემიძლია მივიტანო  ყვავილები შვილის დაბადების დღესა  და გარდაცვალების დღეზე შვილის საფლავზე. შემიძლია დავჯდე, ვიტირო და ვესაუბრო მას, მაგრამ ბევრ დედას ჯერ ასე არ შეუძლია ”

ალმას კაპბას ისოტორიას ჰგავს  ვენერა ოშორიძეს შვილის – ახალგაზრდა კახა აბულაძის ისტორიაც. ისიც მშობლებისგან მალულად , მოხალისედ წავიდა სამშობლოს დასაცავად და უგზო- უკვლოდ დაიკარგა.  მას შემდეგ რაც მისი ნეშტის მოძიება და  დაბრუნება საქართველოს ხელისფლებამ საკოორდინაციო მექანიზმით შეძლო და დედას გადასცა, მოხუცმა ვენერამ გაიგო, რომ მისი შვილი ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად დაიღუპა.

ვენერა ოშორიძე გვიყვება , რომ შვილის ნეშტის დაბრუნების შემდეგ გარკვეული შვება იგრძნო, სხვა დედებისგან განსხვავებით, რომლებიც დღემდე საკუთარ შვილებს ამაოდ ელიან. ვენერა ამბობს, რომ  უშედეგო ძიება და მუდმივი ფიქრი უფრო მძიმეა დედებისთვის, ვიდრე შვილის ბედის ცოდნა და საფლავის ქონა. შვილდაკარგული დედების დასახმარებლად ვენერა თბილისში დღემდე ხშირად აკითხავს გაერთიანებას სახელწოდებით  ,,მოლოდინი“, რომ სხვებსაც დაეხმაროს შვილების მოძიებაში.

ქეთინო გაბროშვილი ამბობს, რომ ვენერას და სხვა დედების თანადგომა მართლაც ეხმარება.  იგი დაკარგულ შვილს გიორგი გაბროშვილს დღემდე უშედეგოდ ეძებს. ქეთინო  ფონდ ,,მოლოდინთან“ ერთად დაღუპულთა და დაკარგულთა მუზეუმს და იქ დაცულ მემორიალურ ალბომებს უვლის, ამბობს რომ ცალკე სპეცალურად შექმნეს აფხაზი მებრძოლების ალბომი და სტენდი, რომელსაც სპეციალური წარწერა გაუკეთეს ,,ჩვენ ამათაც გულით ვეძებთ“.

,,1325“ – არის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც კონფლიქტების მოგვარებაში ქალთა როლის გაზრდას ისახავს მიზნად . 2000 წელს მიღებულ ამ  რეზოლუციას გაეროსა და ნატოს წევრი ყველა ქვეყანა იზიარებს.

კონფლიქტოლოგიაში ,,ქალების დიპლომატია“ წარმოადგენს მშვიდობის მშენებლობის ალტერნატიულ სტრატეგიას, რომელიც უპირისპირდება კონფლიქტის ნარატივებს და ქმნის ახალ სივრცეს დიალოგისა და თანამშრომლობისთვის. შედეგად, ქალებს საშუალება ეძლევათ ერთმანეთს გაუზიარონ კონფლიქტით მიღებული გამოცდილებები და მიაღწიონ თანაბარ უფლებებს მშვიდობის მშენებლობაში. მნიშვნელოვანი როლი აქვს ქალების აღიარებას იმის თაობაზე, რომ ომის შედეგად მიღებული გამოცდილებები, გამოწვევები და მიზნები ეთნიკურობისაგან დამოუკიდებელია .

ავტორი:

მარიამ ყვავაძე – არის თსუ-ს სტუდენტი ჟურნალისტი და JRC სტაჟირების პროგრამის მონაწილე

მასალების ნაწილი ეყრდნობა წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის ფოტო და ვიდეო მასალებს