ავტორები: მიშო დარბაიძე, ინგა ირიციანი — 577681889
ახალციხეში რაბათის უბანში, ციხის მიმდებარედ საკანალიზაციო მილი ცენტრალურ სისტემაზე არ არის დაერთებული, შედეგად მილიდან მომდინარე ნარჩენი დასახლებაში ღიად გროვდება. აღნიშნული მილის სტანდარტებში მოქცევას და სანიტარული პირობების გაუმჯობესებას მოსახლოება უკვე მეორე წელია ითხოვს.
81 წლის ჟუჟუნა კაპანაძე ხარისჭირაშვილის ქუჩაზე რაბათის ციხესთან ახლოს ცხოვრობს. მისი საცხოვრებელი სახლი დაზიანებულ საკანალიზაციო მილთან ახლოს მდებარეობს. ამბობს, რომ ანტისანიტარიასთან აწუხებს ისიც, რომ დაბინძურებულ გარემოში სხვადასხვა დაავადების გავრცელების რისკიც არსებობს.
ხარისჭირაშვილის ქუჩაზე მაცხოვრებლები ამბობენ, რომ პრობლემის შესახებ მუნიციპალიტეტის მერიაში იციან. დაზიანების მოსაწესრიგებლად მათ მერიას თავად მიმართეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.
აქვს თუ არა ინფორმაცია ახალციხის მერიას აღნიშნული პრობლემის შესახებ და როგორია მათი პოზიცია? კითხვით ჩვენ მერიას მივმართეთ. მას შემდეგ რაც უწყებაში საჯარო კომენტარი არ გააკეთეს, ჩვენ ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელს, გელვასი გელაძეს დავუკავშირდით. მისი თქმით, ამ საკითხზე მას ინფორმაცია არ აქვს და არც ამ დრომდე მათთვის ოფიციალურად მიუმართავს ვინმეს.
ჩვენ ასევე დავუკავშირდით “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას”, რომელიც საკანალიზაციო და წყლის მილებს ამონტაჟებს. მათ თქმით, ჩვენთან კომუნიკაციის შემდეგ ადგილზე ვითარება შეისწავლეს და დაადგინეს რომ მილი მათი დამონტაჟებული არ არის, შესაბამისად არც პრობლემის მოგვარებაა მათი კომპეტენცია.
როგორია მსგავს შემთხვევებში ადგილობრივ თვითმმართველობის როლი? ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, კოკა კიღურაძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის მერიის ექსკლუზიური ვალდებულებაა საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება, რაც კანონით 2014 წელს განისაზღვრა.
როგორი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის რეაგირება რაბათის ციხის მიმდებარედ მცხოვრებთა პრობლემაზე, ჩვენი რედაქცია საკითხს კვლავ დაუბრუნდება.