რაბათი დღეს ევროკავშირის დროშის ფერებში განათდება – #ევროპის დღეები

May 9, 2021

ფოტო: არქივი; JRC

დღეს ევროპის დღეების აღნიშვნა დაიწყო – ამ დღესთან დაკავშირებით დღეს ევროკავშირის დროშის ფერებში განათდება ახალციხის ციხე.

“ევროპის დღეს ასევე აღვნიშნავთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობას. საქართველოში 2021 წლის ევროპის დღის თემაა “ევროკავშირთან ერთად უფრო ძლიერები ვართ”, რაც ხაზს უსვამს ევროკავშირისა და საქართველოს ხანგრძლივ პარტნიორობას, საერთო ღირებულებებსა და სოლიდარობას, განსაკუთრებით COVID-19 კრიზისის პირობებში,” – ვკითხულობთ განცხადებაში.


“ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისათვის და მე ვამაყობ, რომ ევროკავშირი გვერდში ედგა  საქართველოს COVID- 19 პანდემიასთან ბრძოლის დროს. ევროკავშირი ქვეყანას უწევდა ფინანსურ დახმარებას, აწვდიდა აღჭურვილობას და საჭირო ცოდნას. სამომავლოდაც, ევროკავშირი საქართველოს განვითარების მთავარ პარტნიორად დარჩება. 

ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ძლიერი, წარმატებული და დამოუკიდებელი საქართველო სარგებელს მოუტანს როგორც თავად ქართველებს, ასევე ჩვენს პარტნიორობას, ზოგადად რეგიონს და, საბოლოოდ ევროკავშირს, ვინაიდან ჩვენ ვაფასებთ ჩვენს მეგობრობას, საერთო ღირებულებებს და მზარდ თანამშრომლობას, სავაჭრო, უსაფრთხოების, კულტურის, ტურიზმის სფეროებში და განსაკუთრებით ჩვენს მოქალაქეებს შორის,” – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

“ევროპამ ახლახან გვაჩვენა რომ მისთვისაც საქართველო მნიშვნელოვანი მოკავშირეა, მისთვის საქართველოს სტაბილურობა, დემოკრატიულობა და წინსვლა თურმე ცარიელი სიტყვები კი არა და რეალური მიზანი და ამოცანა ყოფილა და ამის ნიშნად ყოფნის ევროპის უმაღლესი ხელმძღვანელობის ჩართულობა ჩვენი პოლიტიკური კრიზისის გადასალახავად. ევროპა გვერდში დაგვიდგა,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

9 და 10 მაისის საღამოს, ევროკავშირის დროშის ფერებში განათდება ღირსშესანიშნაობები საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის: ახალციხეში, ბათუმში, გორში, ქუთაისში, მესტიაში, მცხეთაში, ონში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, თბილისსა და ზუგდიდში.

გასულ წლებში, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ევროპის დღეების აღსანიშნად გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა 100,000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.