ახალციხეში, ყაზბეგის ქუჩაზე, მილხიდის ნაცვლად, ხიდის მშენებლობის ტენდერი შესაძლოა ისევ შპს “არალმა” მიიღოს. აღნიშნული კომპანია ახორციელებდა მილხიდის მოწყობის სამუშაოებსაც, რომელიც სხვადასხვა მიზეზთა გამო ჯერ რამდენჯერმე გაახანგრძლივეს და შემდეგ ხელშეკრულება შეაჩერეს.
მილხიდის ნაცვლად ხიდი – ტენდერი რაბათში
მერიაში ხელშეკრულების შეჩერების მიზეზად დაუგეგმავ სამუშაოებს ასახელებენ, რომელიც საპროექტო დოკუმენტში გათვალისწინებული არ იყო, რის გამოც, მერის ირაკლი ლაზარაშვილის თქმით, პროექტორი კომპანიის წინააღმდეგ, ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყეს.
კერძოდ, მერი ამბობს, მილხიდის მოწყობის სამუშაოების დაწყების დროს, მიწის ქვეშ აღმოჩნდა კიდევ ერთი ხიდი, რაც გახდა სამუშაოების შეჩერების, ხელშეკრულების გაუქმების და ახალი ტენდერის გამოცხადების მიზეზი.
მერისვე თქმით, მილხიდის მშენებლობის დასრულება გაზაფხულზეა დაგეგმილი.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, კონკურსში მონაწილეობა ორმა პრეტენდენტმა მიიღო, მათ შორის ერთ-ერთია შპს “სმარტ სოლუშენსი”. როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე ვკითხულობთ, კომპანიას დისკვალიფიკაცია მიენიჭა.
რა გახდა დისკვალიფიკაციის მიზეზი? – კითხვით კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, გურამ გეკუას დავუკავშირდით. როგორც იგი ჩვენს რედაქციასთან განმარტავს, ტექნიკური დოკუმენტაცია სრულად განზრახ არ გააგზავნა, რადგან ციტატა: “ადგილის დათვალიერების შემდეგ ობიექტი არ მოეწონა.”
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, შესაძლოა შპს “არალმა” ხიდი 1 200 000-ზე მეტ ლარად მოაწყოს.
აქვე გეტყვით, რომ ადგილობრივები მილხიდის მოწყობას უკვე 10 წელზე მეტია ითხოვენ, ჩვენი რედაქცია თემაზე 2021 წლიდან მუშაობს. გზა, სადაც მილხიდი იყო მოწყობილი რამდენიმე სოფელს ახალციხესთან აკავშირებს, ამ ეტაპზე გზა გადაკეტილია და მოსახლეობას ქალაქის ცენტრამდე მისვლა შემოვლითი გზით უწევს.