ავტორები: მიშო დარბაიძე, ინგა ირიციანი – 577681889
ჯანდაცვა , განათლება, სოფლის მეურნეობა, მიგრაცია, მიუსაფარი ცხოველები, მუნიციპალური ტრანსპორტი, სიღარიბე – NDI-მ შეისწავლა თუ რა გამოწვევები აქვთ მოსახლეობას საქართველოს მასშტაბით, რომლის მოგვარების ხედვას და გეგმებს პარტიების წინასაარჩევნო პროგრამაში ასახვას ისურვებდნენ.
ჩვენ იგივე კითხვა ახალციხეში მომუშავე პოლიტიკურ პარტიებს დავუსვით, გთავაზობთ სიუჟეტს, სადაც გაიგებთ თუ რამდენად ემთხვევა პარტიების ხედვები მოსახლეობის ინტერესებს.
რეგიონებში და სოფლებში ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა, თანამედროვე ტექნოლოგიების და კვალიფიციური მედ პერსონალის პრობლემა; სკოლამდელ, ზოგად და უმაღლეს განათლებაში არსებული ხარვეზები, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებისთვის; გაუმართავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი; მიგრაცია; დასაქმება; მიუსაფარი ცხოველების მოვლა პატრონობასთან დაკავშირებული გამოწვევები; ენობრივი ბარიერი და მუნიციპალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის პრობლემები ეთნიკური უმცირესობებისთვის, – ეს იმ გამოწვევათა მცირეოდენი ჩამონათვალია, რომელიც NDI-ს პარტნიორი სამოქალაქო ორგანიზაციების კვლევის შედეგად გამოიკვეთა და რომელთა გადაჭრის გზებზე მუშაობას და პოლიტიკურ ხედვებს მოსახლეობა, წინასაარჩევნოდ პარტიების მხრიდან ელიან.
ამ სიუჟეტიდან გაიგებთ: რას თვლიან პოლიტიკური პარტიები ახალციხეში მთავარ გამოწვევას და რამდენად ემთხვევა ისინი კვლევის შედეგად გამოკვეთის პრობლემებს.
სამცხე-ჯავახეთიდან მოსახლეობის მიგრაციას ასახელებს მთავარ გამოწვევად გირჩის, დროას და ახლის გაერთიანებული კოალიციის სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორი, ნიკოლოზ ბეგიაშვილი. მისი თქმით, გეგმავენ წინასაარჩევნო პროგრამის ფარგლებში ამ მიმართულებით იმუშაონ.
“რუსული კანონის” მიღების გამო, დასავლელი პარტნიორების მწვავე კრიტიკის და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების მიუხედავად, მერის, ირაკლი ლაზარაშვილის თქმით, რომელიც ასევე მმართველი პარტიის ახალციხის ოფისის ხელმძღვანელია, ევროკავშირში გაწევრიანება არის “ქართული ოცნების” მთავარი წინასაარჩევნო დაპირება.
რაც შეეხება გამოწვევებს, ლაზარაშვილი ამბობს რომ გამოწვევები ბევრი აქვთ, თუმცა კონკრეტულად რა – არ ასახელებს.
სასმელი წყალი და ინფრასტრუქტურა არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ნატო დარბაიძეს შეფასებით ის მთავარი გამოწვევა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს. მისივე თქმით, ქალაქ ვალეში 10 მილიონზე მეტი დაიხარჯა სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის, თუმცა პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია.
ჩვენ ასევე გვინდოდა დავკავშირებოდით, გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენელს, მარინა აბულაძეს, რომელიც ახალციხის საკრებულოს დეპუტატია, თუმცა იგი ჩვენს ზარებს არ პასუხობს.
ჩვენს ზარებს არ პასუხობენ არც ევროპულ საქართველოში და არც ლელოში.
ამ ეტაპზე, ქალაქ ახალციხეში ოფისი გახსნილი აქვთ, ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას, ხოლო ლელოს და ახლის წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ ოფისებს უახლოეს მომავალში გახსნიან.
რაც შეეხება NDI-ს პარტნიორი სამოქალაქო ორგანიზაციების კვლევას: კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ განსაკუთრებით რეგიონებში ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, კვალიფიციური მედ პერსონალი და ახალი ტექნოლოგიები. ასევე, მოსახლეობა საუბრობს სარეაბილიტაციო სერვისების სიმწირეზე, განსაკუთრებით შშმ პირებისთვის.
გამოწვევებია განათლების სისტემაში. გამოკითხულები საუბრობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებაზე და ეთნიკური იმისთანებისთვის ქართული ენის წავლებაში არსებულ გამოწვევებზე.
გარდა ამისა, გამოკითხულები საუბრობენ და პარტიების მიერ წინასაარჩევნო პროგრამაში ასახვას ელიან კონკრეტულ ხედვებზე, რითაც შეძლებენ სოფლის მეურნეობის განვითარებას, მიგრაციის და სიღარიბის დაძლევას და სხვა.