“რამდენიმე უბანზე იყო ადგილი, სადაც ხდებოდა ინფორმაციის მოწოდება,” – ახლციხის მერი, ე.წ. ქოლცენრებზე

November 6, 2024

“რამდენიმე უბანზე იყო ადგილი, სადაც ხდებოდა ინფორმაციის მოწოდება,” – ეს ახალციხის მერის, ირაკლი ლაზარაშვილის პასუხია, ჩვენს მიერ საარჩევნო უბნებზე გახსნილ ქართული ოცნების ე.წ. ქოლცენტრენტრებთან დაკავშირებით. ახალციხის მერმა, რომელიც ამავდროულად პარტია ქართული ოცნების ახალციხის ოფისის ხელმძღვანელია ჯერ დაადასტურა, რომ პარტიის საარჩევნო შტაბი, ე.წ ქოლცენტრი რამდენიმე საარჩევნო უბნის მიმდებარედ იყო მოწყობილი.

რამდენიმე წუთში კი ფორმულირება შეცვალა და თქვა, რომ საარჩევნო უბნების მიმდებარედ პარტაქტივი იყო მობილიზებული, რომლებიც ახალციხეში და ვალეში გახსნილ შტაბებს ინფორმაციას გადასცემდა, მათ შორის ცნობებს თუ რამდენმა ადამიანმა მისცა “ქართულ ოცნებას” ხმა.

მერის თქმით, ერთ-ერთი ასეთი შტაბი ახალციხეში, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში იყო მოწყობილი. ჩვენ ოფისშიც ვიმყოფებოდით, იქ მხოლოდ ორი პირი დაგვხვდა, რომლებმაც ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს. 

რამდენად კანონიერია ამომრჩევლის აღრიცხვა და მხარდამჭერების რაოდენობის კონტროლი? კითხვა ჩვენ სამართლიანი არჩევნების სამართლებრივი ექსპერტს, გიორგი მონიავას დავუსვით. ის ამბობს, რომ მოსახლეობის აღრიცხვა საარჩევნო უბანზე კანონით აკრძალულია. 

უბნიდან 100 მეტრის რადიუსში დასაშვებია მხოლოდ რაოდენობის აღრიცხვა, თუმცა სიები სადაც მითითებულია პერსონალური მონაცემები, ასევე აკრძალულია. 

ჩვენ ქოლცენტრების შესახებ მერს შეკითხვა მას შემდეგ დავუსვით, რაც ტელეკომპანია პირველმა გაავრცელა მასალა, რომლის მიხედვითაც, “ქართული ოცნება” ქოლცენტრების საშუალებით აკონტროლებდა თუ ვინ მივიდა საარჩევნო უბანზე, ასევე ე.წ “კაპიტნები” მოსახლეობას ურეკავდნენ და არჩევნებში მონაწილეობას სთხოვდნენ. 

აქვე გეტყვით, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს ჩვენმა რედაქციამ ახალციხის ადიგენის და წალკის რამდენიმე საარჩევნო უბანზე, 20 ზე მეტი დარღვევა დააფიქსირა. სადამკვირვებლო ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა იყო, რადგან ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერი ჟონავდა და მისი ფარულობის დაცვაში ჩარჩოკონვერტიც უძლური იყო. 

იგივე დაადასტურა თეთრიწყაროს საქალაქო სასამართლომაც. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ დააკმაყოფილა “საიას” და კოალიცია “ჩემი ხმის” საჩივრები და წალკის და თეთრიწყაროს საარჩევნო უბნების შედგები გააბათილა. 

საკითხის განხილვა სააპელაციოს უსამართლოში გრძელდება.