ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ხანჩალში ადგილობრივი ქალი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი გაზის გამათბობელს აფეთქებაა. თუმცა გაზის გამათბობლის ვერსიას არ ადასტურებენ კომპანია “ეს ჯი გაზ”-ში, რომელიც აღნიშნულ სოფელს ემსახურება. აქ ამბობენ, რომ უბედური შემთხვევა შეშის ღუმელმა გამოიწვია.
- “გაზის ბრალი არ ყოფილა. ღუმელი აფეთქდა, რომლითაც “წივას” წვავენ.”
- რაც შეეხება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, აქ ამბობენ, რომ გაზის გამათბობელი “მოძვრა”, თუმცა აფეთქების ფაქტს არ ადასტურებენ.
“არ მომხდარა აფეთქება, როგორც გავარკვიეთ გაზის გამათბობელი მოძვრა. არც რაიმე სახის შეტყობინება შემოსულა ჩვენთან,” – გვეუბნებიან უწყებაში.
- საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში გვეუბნებიან, რომ ეკიპაჟს ადგილზე მისვლისას, ერთი მოქალაქე გარდაცვლილი დახვდათ.
“ეკიპაჟს ადგილზე გარდაცვლილი დახვდა, მიზეზი გაზის დაზიანებაა.”
- რაც შეეხება საპატრულო პოლიციას, აქ დეტალებზე არ საუბრობენ და ამბობენ, რომ “გამოძიება მიმდინარეობს.”
- შსს-მ გამოძიება სსკ-ს 240 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის გარდაცვალება.