შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 29 ნოემბერს, ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად გამართულ აქციაზე მყოფი სამი პირი დააკავა, მათ შორის ერთი ახალციხელი. მათ გამოძიება პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას და ძალადობას ედავება. აღნიშნულში პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ ბრალდებულის ოჯახის წევრები.
ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის წევრი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ის მუხლი, რომლითაც გამოძიება არის დაწყებული, უსაფუძვლოა და დაკავების მიზეზი ოპოზიციისადმი ღია მხარდაჭერაა.
“აქამდეც ემუქრებოდნენ, მოვარდნენ და ყველაფრის გარკვევის გარეშე წაიყვანეს, ისიც არ ვიცოდით სად იყო. ვფიქრობ, რომ პოლიტიკური მოტივით დააკავეს და ის მუხლი, რომლითაც გამოძიება დაიწყო უსაფუძვლოა.”
შსს, გავრცელებულ განცხადებაში მიუთითებს, რომ პირები დაცვის ჯიხურზე იყვნენ ასულები, პოლიციის მითითებებს არ დაემორჩილნენ და საპატრულო პოლიციას თავს დაესხნენ, რის საფუძვლადაც უწყებას მედიაში გავრცელებული კადრები მოჰყავს.
გავრცელებულ კადრებში დაკავებულების ფიგურირებას კატეგორიულად უარყოფს ერთ-ერთის ოჯახის წევრი.
დამატებითი კითხვებისთვის ჩვენ შსს-ში დავრეკეთ, თუმცა უწყებაში გვითხრეს, რომ გავრცელებული განცხადებით გვეხელმძღვანელა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.