თავკვეთულაში მონასტრის ბერსა და ფორმულას გადამღებ ჯგუფს შორის მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ბერმა იოანემ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაწყევლა საქართველოს საპატრიარქო ეხმაურება. თუმცა საპატრიარქომ არა ბერის ქმედება, არამედ კრიტიკული მედიები დაგმო.
კერძოდ, საპატრიარქომ რამდენიმე მედია სიძულვილის ენის გამოყენებასა და საპატრიარქოზე თავდასხმაში დაადანაშაულა. “ჩვენ კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებთ თავშეკავებისკენ; მივენდოთ ღმერთს,” – ნათქვამია განცხადებაში.
ლუბა გიორგაძე ფორმულას ჟურნალისტია. ის ბერ იოანეს თავდასხმის ობიექტი გახდა. გვეუბნება, რომ ბერისგან აგრესია მას შემდეგ წამოვიდა, რაც სავარაუდო უკანონო მშენებლობის შესახებ კითხვა დაუსვა.
აქვე გეტყვით, რომ ბერმა შეურაცხყოფა მიაყენა “სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტსაც, რომელიც თავკვეთულას მონასტრის ტერიტორიაზე, პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა. როგორც მედია ორგანიზაციაში განმარტავენ ბერისგან აგრესია ინტერვიუს დასრულების შემდეგ წამოვიდა.
აღნიშნულ თემაზე ჩვენ საქართველოს საპატრიარქოსთან და მეუფე ნიკოლოზთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა ჩვენ ზარებს არსად უპასუხეს. ჩვენი რედაქცია თემაზე მუშაობას განაგრძობს.