ინტერვიუ გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროს, ხათუნა ზახაშვილთან
მიმდინარე წლის 13 სექტემბერს ასპინძაში 30 წლის მამაკაცი ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით გარდაიცვალა.
ამ შემთხვევიდან გამომდინარე, TOK TV დაუკავშირდა გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსს – ხათუნა ზახაშვილს, რათა საზოგადოებისთვის განემარტა რა საფრთხის შემცველია ეს დაავადება და როგორ უნდა ავიცილოთ იგი თავიდან.
- რა არის ყირიმ-კონგოს ცხელება?
ყირიმ-კონგოს ცხელება არის ვირუსული, ზოონეზური ინფექცია, რომელიც ადამიანს ემართება ტკიპასთან კონტაქტით, რადგან ძირითადი რეზერვუარი არის ბუნებაში გავრცელებული ტკიპები. შეიძლება დაავადდეს როგორც გარეული, ისე შინაური ძუძუმწოვრები და მღრღნელები, თუმცა მათში დაავადების კლინიკური სურათი მკვეთრად გამოხატული არ არის.
- რამდენად სახიფათოა ადამიანისთვის დაავადება?
ადამიანისთვის საკმაოდ სახიფათოა. საკმაოდ მძიმე დაავადებაა და ზოგ შემთხვევაში ფატალურადაც სრულდება.
- როგორ გადაეცემა დაავადება ადამიანს?
პირველ რიგში ინფიცირებულ ტკიპასთან კონტაქტით, კბენა ან ტკიპის მოშორება დაუცველი ხელებით. მეორე შემთხვევაში ეს არის დაავადებული ცხოველის ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტით (მშობიარობაში დახმარება , ცხოველის სისხლთან შეხება და სხვა) და მესამე შესაძლებლობა ეს არის დაავადებული ადამიანის ბიოლოგიურ სითხეებთნ დაუცველი კონტაქტი, რასაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სამედიცინო მომსახურების გაწევისას.
- რა უნდა გააკეთოს მოსახლეობამ, რომ თავიდან აიცილოს დაავადება?
ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს არის ზოონეზური ინფექცია და პირველ რიგში მოერიდონ ტკიპასთან და დაავადებულ ცხოველებთან დაუცველ კონტაქტს. ტკიპების მოშორება ცხოველიდან ან ადამიანის სხეულიდან (თუ ტკიპა ადამიანს დააჯდა), უნდა მოხდეს დაცული ხელებით, უსაფრთხოდ.
- როგორია სიმპტომები და რამდენ დღეში ვლინდება ?
მაღალი ცხელება, საერთო სისუსტე, ინტოქსიკაციის ნიშნები, რასაც მოჰყვება სისხლჩაქცევების განვითარება კანზე და სისხლდენები ღრუ ორგანოებიდან. დაავადება კბენიდან 14 დღის, უმთავრესად პირველი 3-7 დღის განმავლობაში ვლინდება.
- რა ზომებს უნდა მიმართოს უკვე დაავადებულმა ადამიანმა?
თუ მოხდა დაუცველი კონტაქტი დაავადებულ ცხოველთან ან ტკიპამ უკბინა ადამიანს უნდა დააკვირდეს საკუთრ ჯანმრთელობას და სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს და აუცილებლად აღნიშნოს, რომ ჰქონდა ტკიპასთნ ექსპოზიცია. სხვას ვერაფერს გააკეთებს, ექიმმა უნდა იზრუნოს ამ ადამიანზე და სიმპტომურად უმკურნალოს მას.
- საშიშია თუ არა დაავადებულის ოჯახის წევრებისთვის მასთან კონტაქტი?
ოჯახის წევრებისთვის არა, დაავადებულის ბიოლოგიურ სითხეებთან შეხება არის საფრთხის შემცველი და თვითონ დაავადებულთან კონტაქტი არა. სახიფათოა, იგივე ინფექციის წყაროსთან კონტაქტი, ანუ იგივე ცხოველთან, იგივე არეალში გავრცელებულ ტკიპებთან.
- რამდენად ხშირია ყირიმ-კონგოს ცხელებით დაავადებულთა სიკვდილიანობა?
როგორც ცნობილია ყირიმ-კონგოს ცხელებით გამოწვეული „ლეტალობის“ მაჩვენებელი 5-50%-ის ფარგლებში მერყეობს.
- რამდენად ხშირად ფიქსირდება დაავადება საქართველოს ტერიტორიაზე?
საკმაოდ იშვიათია, მაგრამ ენდემურია ანუ საქართველოში გავრცელებული დაავადებაა.
- რა ზომები აქვს მიღებული სახელმწიფოს დაავადებასთან ბრძოლისთვის ან პრევენციისთვის?
სახელმწიფომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საზოგადოება ზაფხულის დადგომისთანავე გააფრთხილა ამ დაავადების შესაძლო გავრცელების შესახებ. ყირიმ-კონგოს ცხელება აქტუალურია ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, შემდგომ შემთხვევათა რაოდენობა ძალიან იკლებს და შეიძლება ნულოვანიც იყოს თვეების განმავლობაში. რაც შეეხება სხვა ტიპის ღონისძიებებს, ეს არის ის რომ ადგილზე, განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, რომლებიც სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულნი უნდა იცოდნენ, რომ ცხოველებთან და ტკიპებთან დაუცველი კონტაქტი მათი ჯანმრთელობისთვის დიდი რისკის შემცველია და ამის შესახებაც გაფრთხილებები ენდემურ რაიონებში არაერთხელ ყოფილა. გარდა ამისა, ყველა კერაში სადაც გამოვლინდება ყირიმ-კონგოს ცხელების შემთხვევები, ტარდება ცხოველების დეზინფექცია ტკიპების წინააღმდეგ. ეს პრევენციის ერთ-ერთი საშუალებაა.
- რას ურჩევდით მოსახლეობას რათა თავიდან აიცილოს ეს დაავადება?
ისევე როგორც ხელების დაბანა ჭამის წინ, აუცილებელია იგივე წესად გავიხადოთ ცხოველთან და ტკიპასთან დაცული ხელებით კონტაქტი. შიშველი ხელებით შეხება, საშიშია არა მარტო ყირიმ-კონგოს ცხელების გამო, არამედ სხვა ინფექციების გადადების თვალსაზრისითაც.