რა (არ) ქნა ცესკომ, ანტონ ობოლაშვილის მიერ შესაძლო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტზე

October 3, 2024

დააჯარიმა თუ არა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების გამო, სამცხის მოქმედი მაჟორიტარი და პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”, ანტონ ობოლაშვილი? – ობოლაშვილი აღნიშნულს უარყოფს, ხოლო ცესკოდან პასუხი არ გვაქვს. 

საუბარია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევაზე, რომლის მიხედვითაც, ანტონ ობოლაშვილი ადიგენში და ასპინძაში, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დაგეგმილ ღონისძიებებს წინასაარჩევნო აგიტაციისთვის იყენებდა. 

იხილეთ სტატია: “მე იქ არ ვიყავი როგორც დელეგატობის კანდიდატი, მე ვიყავი როგორც – მაჟორიტარი დეპუტატი” – ობოლაშვილი 

ანტონ ობოლაშვილი თვლის, რომ კანონი არ დაურღვევია და მეტიც, მისი თქმით იგი კვლავ გააგრძელებს სკოლების და ბაღების გახსნაზე, დღეობებზე, ღონისძიებებზე დასწრებას, რადგან ციტატა: “იგი უპირველესად არის მაჟორიტარი დეპუტატი”.

“მე ვარ მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი და ჩემი უფლებამოსილება წყდება ახალი პარლამენტის შეკრების დროს.  ჩემთვის პრიორიტეტი არის მაჟორიტარი დეპუტატის  უფლებამოსილების ფარგლებში ჩემი საქმიანობა. მოსახლეობასთან მექნება მჭიდრო კავშირი, შეხვედრები. დავესწრები სკოლის გახსნასაც, ბაღის გახსნასაც  მივალ ზეიმზე,  დღეობებზე , ყოველთვის მივმართავ ჩემს მოსახლეობას და რა თქმა უნდა მექნება მუდმივი კომუნიკაცია,” – გვეუბენბა ობოლაშვილი.

ცესკოში ინფორმაციის დაზუსტებას დილიდან დაგვპირდნენ, მაგრამ მათგან ამ დრომდე არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია. 

არასამთავრობო ორგანიზაცია, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” რეგიონული კოორდინატორის, თამუნა უჩიძის თქმით, ობოლაშვილმა საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლი დაარღვია, რაც თავის მხრივ 4 000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. 

უჩიძე გვეუბნება, რომ გეგმავენ სარჩელით, ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართონ. 

რაც შეეხება მუხლებს, რომელიც ორგანიზაციის თქმით, ანტონ ობოლაშვილმა დაარღვია, შემდეგია: 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის, 45-ე მუხლი მოიცავს წინასაარჩევნო კამპანიას და აგიტაციას. ამ მუხლის მე-7-ე მუხლის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა აკრძალულია. 

“აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე/პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა. აღნიშნული  ქმედება  ჩაითვლება  ადმინისტრაციული  რესურსების გამოყენებად.”

ამავე კოდექსის 88-ე მუხლის მიხედვით კი – ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ითვალისწინებს ჯარიმას 2 000 – 4 000-მდე ოდენობით.

მუხლი 88. წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო კამპანიის დროს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისას და თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებისას კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა

1. წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო კამპანიის დროს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისას და თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებისას ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ქმედების ჩადენიდან 3 წლის განმავლობაში.

საპარლამენტო არჩევნები, რომელიც მემორანდუმადაც არის შეფასებული 26 ოქტომბერს გაიმართება.

______

ფოტო: ობოლაშვილი “შოთაობა 2024”-ზე , სწორედ ამ ღონისძიებაზე დასწრების გამო თვლის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომ მან საარჩევნო კოდექსი დაარღვია.