ავტორი : ინგა ირიციანი 577 681 889
საქართველოს მოსახლეობის 47,6% არ არის მიერთებული კანალიზაციის ქსელზე – ინფორმაციას წყალმომმარაგებელი საწარმოების 2022 წლის გამოკვლევაში ვკითხულობთ. ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარში წალკის მუნიციპალიტეტიც მოისაზრება. წალკაში 11 თემი და 18 სოფელია, მოსახლეობის რაოდენობა კი 2021 წლის მონაცემებით, 19 700 ადამიანს შეადგენს.
მუნიციპალიტეტის უმეტეს ტერიტორიაზე საკანალიზაციო სისტემა მოწყობილი საერთოდ არ არის.
წალკაში მცხოვრები ლია ცერცვაძე გვეუბნება, რომ სოფელში არასდროს ჰქონიათ მოწესრიგებული საკანალიზაციო სისტემა, ხოლო ალტერნატივად ადგილობრივები კუსტარულად გაკეთებულ საკანალიზაციო ჭებს იყენებენ.
“21-ე საუკუნეში ადამიანს არ უნდა სჭირდებოდეს კანალიზაციის პრობლემაზე საუბარი, ინფრასტრუქტურა უნდა იყოს მოწესრიგებული ნორმების ფარგლებში. ჩვენთან კანალიზაციის სისტემა არასდროს ყოფილა მოწესრიგებული და იქნებ ვინმემ გულთან ახლოს მიიტანოს და დაგვეხმაროს,” – გვეუბნება ლია ცერცვაძე.
წალკის განვითარების ჯგუფის (Lag) კვლევაში ვკითხულობთ, რომ წალკის მუნიციპალიტეტს არ გააჩნია წყალგამწმენდი სისტემები და წყლის გაწმენდის საშუალებები. არ ფუნქციონირებს ჩამდინარე წყლების არც ერთი სრულფასოვანი გამწმენდი სისტემა.
კვლევა მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში არსებულ წყლის რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და ხარისხის შესწავლას, მართვისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საჭიროებების გამოვლენას.
კვლევაში ვკითხულობთ, ციტატა: “ქალაქ წალკის მოსახლეობის ნაწილი, წყალმომხმარებელთა დაახლოებით 10-30%, სარგებლობს არსებული წყალარინების სისტემის ქსელით, ამასთან საკანალიზაციო სისტემა-კოლექტორები უმეტესწილად ამორტიზებულია და არ არის აღჭურვილი წყალგამწმენდი სისტემებით. “
ამავე დოკუმენტის მიხედვით, მოყვანილი გარემოებები, მუნიციპალიტეტში არსებული საყოფაცხოვრებო და საწარმოო წყლების დაბინძურებას იწვევს, რის გამოც მოსახლეობის წყალარინების სისტემები კუსტარული ხასიათისაა. ხოლო წყლის რესურსების დაბინძურება შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა ორგანიზაციამ, რომლებიც არ უზრუნველყოფენ ჩამდინარე წყლების ხარისხის საკანონმდებლო მოთხოვნებთან თანხვედრას.
“აღნიშნულიდან გამომდინარე საყოფაცხოვრებო, ასევე საწარმოო ჩამდინარე წყლები წარმოადგენენ გრუნტის და მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების დაბინძურების წყაროს. “
ადგილობრივი განვითარების ჯგუფის კვლევის ავტორები, მუნიციპალიტეტის მერიას კანალიზაციის სისტემების გაუმჯობესებას და ინფრასტრუქტურის განვითარების რეკომენდაციას აძლევენ.
რამდენ სოფელში/ქალაქში აქვს მოწესრიგებული საკანალიზაციო სისტემა მუნიციპალიტეტს და რამდენში არა? იგეგმება თუ არა ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება და როდის ? რა თანხა აქვს მერიას ამ მიმართულებით მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული? – ამ კითხვებით ჩვენ წალკის მუნიციპალიტეტის მერიას დავუკავშირდით, კითხვებს არ უპასუხეს და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა გვირჩიეს. საკითხზე, ჩვენ საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ, ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
წალკის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დოკუმენტში, საკანალიზაციო სისტემასთან დაკავშირებით ჩანაწერი არ არის.
სპეციალისტების და ეპიდემიოლოგების განმარტებით, ღია და მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სივრცეები ზრდის სხვადასხვა დაავადების გამოწვევის რისკს.
“ფეკალური ინფექციები როდესაც ხვდება ზედაპირებზე, იქიდან პირის ღრუს მეშვეობით ხვდება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, სადაც ხდება ინფექციების განვითარება, რომელიც აზიანებს ჯანმრთელობას, შეიძლება გამოიწვიოს იყოს ნაწლავური ინფექციები როგორიც არის სალმონელა, დიზენტერია, Aჰეპატიტის ვირუსი და ა.შ”