გაუმართავი წყლის სისტემა, მოუწესრიგებელი გზა, მუნიციპალური ტრანსპორტის საჭიროება, შესაკეთებელი სახურავი, გასამაგრებელი კორპუსები – წალკის, ახალციხის და გარდაბნის მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისაგან ამ საჭიროებების მოგვარებას პერიოდულად ითხოვს და ადრესატამდე მათი ხმის მიწვდენისათვის ჩვენს რედაქციას ხშირად მიმართავს.
თემების მოკვლევისას და მერიის პასუხისმგებლობის გარკვევის მიზნით, ჩვენს კითხვებზე პასუხს საჯარო ინფორმაციის წესითაც ვითხოვთ, თუმცა, ისევე როგორც პირისპირი კომუნიკაციისას ხშირია საჯარო წესით პასუხების არ მიღების პრაქტიკაც. აღნიშნულს ადასტურებს მედიის ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის კვლევაც.
Tok tv-ის რედაქცია რამდენიმე თვეა იკვლევს გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის წყლის მომარაგების და ხარისხის შესახებ ინფორმაციას.
- რადგან აუდიტის დასკვნაში, რომელიც 2021-22 წლებს მოიცავს, წერია : ,,მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილი წყლის სისტემა, ასევე ჭაბურღილები და სათავე ნაგებობები, საიდანაც მოსახლეობას წყალი მიეწოდება, არ არის აღჭურვილი გამწმენდი ნაგებობებით და წყლის დაქლორვის საშუალებებით, არ ტარდება წყლის სისტემატური ლაბორატორიული შემოწმება სასმელად ვარგისიანობის შესახებ. “
რა შეიცვალა და არის თუ არა უსაფრთხო წყალი ადგილობრივებისთვის. ამ საკითხების გასარკვევად ჩვენ მუნიციპალიტეტს თებერვალში მივმართეთ, მაგრამ პასუხი 4 თვის დაგვიანებით, მას შემდეგ მივიღეთ რაც კანონის დარღვევა პარტნიორი ორგანიზაციის, IDFI-ის დახმარებით გავასაჩივრეთ, ჩავრთეთ სახალხო დამცვლი აპარატიც.
სწორედ ამის შემდეგ მივიღეთ პასუხი. თუმცა, საკითხი დაზუსტებას მოითხოვს. მედიის ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის მამუკა ანდღულაძის თქმით ეს სისტემური პრობლემაა.
ვითარება რომ მუნიციპალიტეტებში მსგავსია, ამაზე მეტყველებს ჩვენი რედაქციის კიდევ ერთი ბიუროს პრაქტიკა.
მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში , ჩვენი გუნდი, თვეების განმავლობაში ითხოვდა საჯარო ინფორმაციას, სოფელ ივლიტაში, დაზიანებული და განადგურების პირას მისული ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის შეკეთების შესახებ.
ჩვენ კულტურის სამინისტროდან საჯარო ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ მივიღეთ, რაც კანონდარღვევა გავასაჩივრეთ.
როგორ იხარჯება თანხები, რას ხმარდება ბიუჯეტი, რა კეთდება და რა ვერ – ამ ინფორმაციის ცოდნის უფლება მოქალაქეებს კანონით აქვთ მინიჭებული. არის თუ არა სასამართლო გარანტი იმისა, რომ მივიღოთ საჯარო ინფორმაცია და რა ვადებში ახერხებს გადაწყვეტილების მიღებას ინფორმაციის სავალდებულო მიწოდების შესახებ?
რამდენად გამჭვირვალედ და ეფექტიანად უმკლავდება ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობა დაკისრებულ ვალდებულებებს?
- მოსახლეობისთვის ამ ცნობების მიწოდების მიზნით ჩვენი რედაქცია წლიდან წლამდე ასობით საჯარო ინფორმაციას ითხოვს. მაგალითად, მხოლოდ 2024 წლის იანვრიდან TOK tv-იმ სხვადასხვა უწყებიდან 60-მდე საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, მათგან სრულყოფილი პასუხი დაახლოებით 20-მდე შემთხვევაში გვაქვს მიღებული.
ლამუნა ირემაშვილი, გოჩა ცენტერაძე
Tags: გარდაბანი, ეკატერინე ბასილაია, მამუკა ანდღულაძე, საჯარო ინფორმაცია