დღეს, ახალციხის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა ჩატარდა, რომელზეც საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილეები და კომისიის თავმჯდომaრეები აირჩიეს. ასევე, ჩამოყალიბდა ორი ფრაქცია.
რა მოხდა სხდომაზე? – გთავაზობთ სხდომის მთავარ საკითხებს.
ახალციხის საკრებულოში 33 დეპუტატია, მათგან მხოლოდ ერთია ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი. ჯუმბერ ინასარიძე საკრებულოში “ლელო – ძლიერი საქართველოს” სახელით არის წარმოდგენილი.
სხდომაზე, ინასარიძემ, ადგილობრივ დონეზე, კორუფციის შემსწავლელი საგამოძიებო ჯგუფის შექმნის შესახებ ინიციატივა წარადგინა, თუმცა “ქართული ოცნების” დეპუტატების ნაწილი არ დაეთანხმა, ნაწილმა თქვა, რომ ინიციატივა შემდეგ სხდომაზე განეხილათ, რადგან საკითხი დღის წესრიგით გათვალისწინებული არ იყო.
დღესვე, “ქართული ოცნების” დეპუტატებმა, საკრებულოს თავმჯდომარედ, საბა კბილაშვილი აირჩიეს. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ერთადერთ ოპოზიციონერ დეპუტატს, ჯუმბერ ინასარიძეს.
საბა კბილაშვილი 2021 წლის მოწვევის საკრებულოში, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით ტაბატაძე იქნება, რომელსაც იგივე პოსტი ეჭირა წინა მოწვევის საკრებულოს შემადგენლობაშიც.
ტაბატაძის მსგავსად, იგივე პოზიციაზე აირჩიეს ამბარცუმ ბაბოიანიც, იგი კბილაშვილის მოადგილე, ბესიკ ბლიაძესთან ერთად იქნება. ბლიაძე კი – წინა მოწვევის საკრებულოში, “ქართული ოცნების” ფრაქციის ხელმძღვანელი იყო.
ჩვენ ახლადარჩეულ საკრებულოს თავმჯდომარეს ვკითხეთ, თუ როგორ შეაფასებდა “საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს” ანგარიშს, რომელშიც 2021 წლის მოწვევის საკრებულოს საქმიანობაა გაანალიზებული.
ახალციხის საკრებულომ რა (არ) ჰქნა – TI
საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატებმა კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს. ესენია:
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე – კარლენ მანასიანი.
2. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალური ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე – ზოია ბალიაშვილი.
3. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე – მალვინა ბურძენიძე.
4. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე იქნება – კახაბერ გელაშვილი.
5. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიული საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე – ლევან მჭედლიშვილი.
დღესვე, ახალციხის საკრებულოში შეიქმნა ორი ფრაქცია. ესენია: 29 დეპუტატისგან დაკომპლექტებული “ქართული ოცნება” და “ხალხის ძალა” რომელშიც 3 დეპუტატია გაწევრიანებული.
