ავტორი: მიშო დარბაიძე – 577681889
“დაშბაშის კანიონში ჩასასვლელ ტურისტულ ბილიკზე მაღალი საშიშროების მქონე მეწყრული და ქვათაცვენით უბნებია, რომელიც საშიშროებას ქმნის,” – გარემოს ეროვნული სააგენტო ამბობს, რომ წალკის მუნიციპალიტეტში არსებული დაშბაშის კანიონის ბილიკებზე გადაადგილება საფრთხეს უქმნის დამსვენებლებს, მომსახურე პერსონალს და ინფრასტრუქტურას, – ამის შესახებ სააგენტოს ახალ დასკვნაში ვკითხულობთ.
გეოლოგიური პროცესების შესახებ, ყოველწლიურ ბიულეტენში, სააგენტო მიუთითებს, რომ კანონზე უსაფრთხოების მიზნით, საჭიროა გადაუდებელი პრევენციულ/შემაკავებელი ღონისძიებების გატარება.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.
კანიონზე ტურისტული კომპლექსი, 2022 წლის 14 ივნისს, ებრაული კომპანია “კას ლენდის” 120 000 000-იანი ინვესტიციით გაიხსნა. რა პოზიცია აქვთ ორგანიზაციაში და რა კონკრეტული ქმედებების გატარებას აპირებენ ვიზიტორების უსაფრთხოებისთვის? – კითხვებით კომპანიას დავუკავშირდით, თუმცა მათგან პასუხი ჯერ არ მიგვიღია.
ტურისტული კომპლექსი დაცული ტერიტორიის სტატუსის მქონეა. შესაბამისად დავუკავშირდით სააგენტოსაც, ჩვენ უწყებას ვკითხეთ თუ რა ღონისძიებების გატარებას გეგმავს სააგენტო და იგეგმება თუ არა კანიონზე ბილიკის დახურვა მანამ სანამ პრობლემას არ მოაგვარებენ, – უწყებიდან ინფორმაციის მიღებას ამ დრომდე ველოდებით.
გარემოს ეროვნული სააგენტო კვლევაში მიუთითებს, რომ გარდა დაშბაშის კანიონისა, წალკის მუნიციპალიტეტში კიდევ 10 ტერიტორია შეისწავლეს, სადაც საშიში გეოლოგიური პროცესები იმდენად უმნიშვნელოა, რომ გარემოს სახეცვლაზე დიდ გავლენას ვერ ახდენს.
რამდენად ხდება რეაგირება და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სააგენტოს მიერ გამოკვლეული საფრთხეების პრევენციისთვის და როგორია პრაქტიკა? – საკითხზე გეოლოგი, თეა გოდოლაძე გვესაუბრება.
რას პროგნოზირებს გარემოს ეროვნული სააგენტო წალკაში გეოლოგიურ პროცესებთან დაკავშირებით 2024 წელს? – ბიულეტენის მიხედვით, წყალდიდობის და დატბორვის დროს ნაპირების გარეცხვის გააქტიურება მოსალოდნელია მდინარე ქციას ქვაბულში არსებული სოფლების მიმდებარე ტერიტორიაზე.
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვარაუდობენ ქვათაცვენას, მეწყრული პროცესების გააქტიურებას და ღვარცოფულ პროცესებს.
კვლევაში მოყვანილი სწორედ ის მდინარე და ის ტერიტორიაა, რომელიც გასული წლის 15 ივნისს ძლიერი ნალექის შედეგად დაიტბორა, ხოლო, სოფელ კუშთან შუა საუკუნეებში აშენებული ხიდი სრულად მოანგრია.
დაშბაშის კანიონის ტურისტული კომპლექსი მდებარეობს ზურმუხტის ქსელზე, რაც იმას ნიშნავს, რომ წესით ტერიტორია უნდა ემსახურებოდეს ევროპის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, თუმცა მიუხედავად ამისა, როგორც კანიონის გახსნის დღეებში ჩვენს რედაქციასთან არასამთავრობო ორგანიზაცია “საბუკოს” მენეჯერმა, ზურაბ გურგენიძემ ისაუბრა, ხიდის მშენებლობამ ტერიტორიიდან ლეშიჭამია ფრინველები გააქრო, საფრთხე შეექმნა იქ მობინადრე სხვა ფრინველებსაც.
გარდა ამისა, გარემოსდამცველები და ეკოტურიზმის სპეციალისტები ამბობდნენ, რომ წალკის კანიონზე ბუნებისა და ცოცხალი კულტურის შენარჩუნება სრულად იგნორირებული იყო და საერთო არ ჰქონდა ეკოტურიზმის პრინციპებთან.
აქვე გეტყვით, რომ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, წალკის კანიონ სადაც 300 მეტრზე არსებული, 240 მეტრიანი სიგრძის ხიდი მდებარეობს და კიდევ 6 დაცულ ტერიტორიას მიმდინარე წელს, 5 თვის განმავლობაში 150 000-ზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა.