სამცხე-ჯავახეთის მაშტაბით დაწყებითი განათლების პედაგოგებს ახალი სკოლის მოდელის შესაბამისად, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი გადაამზადებს. უნივერსიტეტის რექტორი , მაკა ბერიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ტრენინგები ჩატარდება როგორც ქართულ, ისე სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.
“ეს პროექტი გათვლილია დაწყებითი განათლების პედაგოგებზე. პროექტში მონაწილეები მხოლოდ ტრენინგებით არ შემოიფარგლებიან და მწვრთნელები ინდივიდუალურად გააგრძელებენ მასწავლებელთან მუშაობას,” – ამბობს რექტორი.
მისივე თქმით, ასევე, გადამზადდება ყველა სომხური სკოლის მასწავლებელიც.
პროექტის მენეჯერი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ირმა ქურდაძე TOK TV-სთან საუბარში ამბობს, რომ დაწყებითი განათლების ყველა პედაგოგი ვალდებულია გადამზადება გაიაროს.
„განათლების რეფორმის ერთ-ერთი ნაწილია ის, რომ მასწავლებლები უნდა გადამზადდნენ თანამედროვე მიდგომებით და უნარ-ჩვევებით, ახალი მოდელის შესაბამისად. საქართველოს მასშტაბით დაწყებითი განათლების ყველა მასწავლებელი ვალდებულია გაიაროს ეს პროცესი,” – ამბობს ქურდაძე.
პროექტი ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდება და რეგიონის მასშტაბით 201 დირექტორი და 309 მასწავლებელი უფასოდ გადამზადება. 7 მილიონი ლარის ოდენობის საგრანტო ხელშეკრულებას USAID-ს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას შორის ხელი 9 ივლისს მოეწერა.
გარდა სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტისა პროექტებში ჩართულია საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიც. პროგრამის მიზანია ინკლუზიური და მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო რეფორმების განხორციელება, მათ შორის ეთნიკურ უმცირესობების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების საჭიროებების შესაბამისი მეთოდების დანერგვა.
ავტორი: მიშო დარბაიძე