წალკის მერია არ გვაწვდის ინფორმაციას თუ როდის ჩაუტარდა ბოლოს მუნიციპალიტეტში სასმელ წყალს გამოკვლევა და რა შედეგები დადგა. მუნიციპალურ ორგანოში მხოლოდ გვეუბნებიან, რომ სასმელ წყალს წელიწადში ორჯერ ამოწმებენ.
მერიას, წალკაში და მიმდებარე სოფლებში სასმელი წყლის ხარისხის და ვარგისიანობის შესახებ, საჯარო ინფორმაციის მოწოდებისთვის ორჯერ მივმართეთ. თავდაპირველად უწყებამ კანონით დადგენილ ვადებს თითქმის ორი თვით გადააცილა და ინფორმაცია მაინც არ მოგვაწოდა, მეორედ – ნაწილობრივ გვიპასუხა.
ჩვენ მერიას ვეკითხებოდით თუ რა სიხშირით ხდებოდა სასმელი წყლის ხარისხის შემოწმება, ბოლოს როდის ჩატარდა კვლევები და რა შედეგი დადგა. ასევე გვაინტერესებდა თუ რა ინტენსივობით იწმინდებოდა სასმელი წყლის ავზები და მილები, იგეგმებოდა თუ არა და როდის დაძველებული ინფრასტრუქტურის გამოცვლა.
ამ ყველა შეკითხვის პასუხად უწყებამ მოგვწერა, რომ წყლის ხარისხი წელიწადში ორჯერ მოწმდება, “სხვადახვა პერიოდულობით ხორციელდება ნიმუშების აღება და ლაბორატორიული კვლევა. ასევე, წყლის სათავე ნაგებობებისა და რეზერვუარების გაწმენდა ხდება პერიოდულად. სპეციფიკიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე.”
მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს სასმელი წყალი მიეწოდება.
წალკის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის პრობლემის შესახებ ჩვენი რედაქცია წლებია მუშაობს, მათ შორის, სიუჟეტის მომზადების შემდეგ, წალკის სოფელ არ-სარვანში მერიამ წყლის სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო. პროცესი გასული წლის ნოემბერში დაიწყო და სამუშაოებისთვის 700 ათასამდე ლარი გამოიყო.
როგორც სოფლის რწმუნებული, აკიფ აშრალოვი გვეუბნება სამუშაოები, მიმდინარე წლის მაისში დასრულდა და სასმელი წყალი, 85 ოჯახს უკვე მიეწოდება. მანამდე მოსახლეობა წყალს ბოთლებით იმარაგებდა, ხოლო ზამთრის პერიოდში, სოფელში მცხოვრები ქალები წყალს წყაროდან, ე.წ “ჩექქილით” ეზიდებოდნენ.