როგორ აისახება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ტურიზმზე

December 10, 2024

როგორ აისახება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ტურიზმზე, – კითხვა ჩვენ რამდენიმე სპეციალისტს და მომსახურების სფეროს წარმომადგენელს დავუსვით.

ეს ისტორიული რაბათის დასახლებაში არსებული საოჯახო სასტუმროა. აქ უკვე რამდენიმე დღეა სტუმარი არ მიუღიათ. ტურისტული ობიექტის მფლობელი, ხათუნა ვოსკანიანი გვეუბნება, რომ გასულ წლებთან შედარებით, წელს ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია.

“უცხოელი ტურისტები ჯავშნებს აუქმებენ,” – ხათუნა ვარაუდობს, რომ ტურისტების ასეთი პასიურობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთანაა დაკავშირებული. 

კიდევ ერთი საოჯახო სასტუმრო, რომელსაც მათივე თქმით, როგორც უცხოელმა ისე ქართველმა ვიზიტორებმა ჯავშნები გაუუქმეს  “ოლდ რაბათია”. მისი მფლობელი, ციალა შავაძე ამბობს, რომ რამდენიმე დღეში ბათუმიდან ვიზიტორთა ჯგუფს ელოდებოდა, თუმცა იმის გამო რომ მონაწილეთა ნაწილი ბათუმში აქციაზე იყო, – ტური გაუქმდა.

სასტუმროს და რესტორნების ჯავშნების გაუქმებაზე საუბრობს, რესტორნების და სასტუმროების ასოციაციის ხელმძღვანელი, შალვა  ალავერდაშვილი. როგორც იგი ჩვენს რედაქციასთან ამბობს, ბოლო პერიოდში თბილისში ჯავშნების 70 % გაუქმდა.

მისივე თქმით, ძალიან “ძალიან ბევრ უცხოელ პარტნიორს ეშინია საქართველოში ტურისტების შემოყვანა.” “თუ არ იქნება ტურისტი, ვინ იქნება მათი დამკვეთი?” – გვეუბნება, გიდების ასოციაციის პრეზიდენტი, ქეთი მელაძე. იგი ამბობს, რომ კრიზისი ტურისტულ სექტორზე აისახება გიდებზეც.

 რამდენი ვიზიტორი ეწვია საქართველოს ბოლო 2 თვის განმავლობაში და როგორია ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ზეგავლენის შესაძლო შედეგი სექტორზე ? – ვკითხეთ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას თუმცა მათ მხოლოდ ვებ გვერდზე განთავსებული, კვარტალური სტატისტიკისკენ მიგვითითეს. აქ კი მხოლოდ მესამე კვარტლის მონაცემებია მითითებული. 

ადმინისტრაციის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში, გასული 9 თვის განმავლობაში საქართველოს 6 მილიონამდე ტურისტი ეწვია. 

საქართველოში საპროტესტო აქციები ჟურნალისტებზე და დემონსტრანტებზე ძალადობის ფონზე მიმდინარეობს. ამ დროისთვის დაშავებული და დაკავებულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე.