ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
სამცხე-ჯავახეთის 5 მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები არ ჩატარდება, არც ბავშვებისთვის საჩუქრები დარიგდება. მიზეზი პანდემიაა.
მუნიციპალიტეტებში გვეუბნებიან, რომ საახალწლო ქუჩის აქსესუარებს და ნაძვის ხეს გასული წლისას გამოიყენებენ, სხვა ღონისძიებებს კი აღარ ჩაატარებენ.
ახალქალაქის მერი, იურიკ უნანიანი გვეუბნება, რომ საკრებულომ მისი თხოვნა საახალწლო აქსესუარებისთვის თანხის გამოყოფის შესახებ არ დააკმაყოფილა. ამბობს, რომ თანხას კორონავირუსის პრევენციული ზომებისთვის გადაინახავენ.
“საახალწლო აქსესუარების ინიციატივა წარვადგინეთ მერიამ, მაგრამ საკრებულომ არ დააკმაყოფილა. გადავწყვიტეთ, რომ ძველი აქსესუარები გამოვიყენოთ, ღონისძიებებს აღარ ჩავატარებთ, არც საჩუქრების დარიგება იქნება,” – გვითხრა უნანიანმა.
საახალწლო ტენდერების გამოცხადებას და ღონისძიებების ჩატარებას არ გეგმავენ ადიგენის მუნიციპალიტეტში.
“შარშან რაც შევისყიდეთ იმავეს გამოვიყენებთ. წელს არც საახალწლო ღონისძება იქნება. რაც შეეხება საჩუქრების დარიგებას ამ ეტაპზე არ ვიცით რას გადავწყვეტთ,” – გვითხრა ადიგენის მერიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა, ზურა ჩილინგარაშვილმა.
საახალწლოდ აქსესუარებისთვის ტენდერი გამოაცხადა და 2 დღეში შეაჩერა ასპინძის მუნიციპალიტეტმაც. თანდართულ ოქმში ამბობენ, რომ მიზეზი პანდემიაა.
დეტალებზე ჩვენ ასპინძის მერს დავუკავშირდით, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.
“ახალს არაფერს ვგეგმავთ, ღონისძება არ გვექნება, არც საჩუქრების დარიგება მოხდება,” – გვეუბნება ნინოწმინდის მერი, ანივარდ მოსოიანი და ამბობს, რომ გასული წლის აქსესუარებს გამოიყენებენ.
რაც შეეხება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი, მარინა ხუჯაძე გვეუბნება, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რის შემდეგაც გამოავლენენ იმ ბავშვებს, რომლებსაც საჩუქრებს დაურიგებენ.
“ჯერ არ ვიცით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომლის მიხედვითაც გამოვავლენთ ბავშვებს, რომლებსაც გადავცემთ საჩუქრებს. სავარაუდოდ ეს იქნებიან შშმ პირები და მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ბავშვები. სხვა ღონისძიებები უქმდება. ნაძვის ხე და ქუჩის აქსესუარები გასული წლის იქნება გამოყენებული,” – გვითხრა ხუჯაძემ.
რაც შეეხება ახალიციხის მერიას, აქ ღონისძიებებისთვის, ტკბილეულისთვის და აქსესუარებისთვის 53 508 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა, თუმცა ტკბილეულის შესაძენი 10 000 ლარიანი ტენდერი ჩაიშალა.
გამოცხადდება თუ არა საახალწლო ტკბილეულის ტენდერი მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის უცნობია.