როგორ უნდა მისცენ ხმა ემიგრანტებმა და რა სირთულეებს აწყდებიან ისინი

October 4, 2024

“200 000-ზე მეტი ემიგრანტისთვის რამდენად საკმარისია 60 უბანი წარმოუდგენელია…”

როგორ უნდა მისცენ ხმა ემიგრანტებმა და რა სირთულეებს აწყდებიან ისინი – ნახეთ სიუჟეტი

ტექსტი:

აქტივისტი, მამუკა ჯუღელი მეორე წელია ბელგიაში ცხოვრობს. გვეუბნება, რომ ქვეყნიდან წასვლა საქართველოში არსებული სიდუხჭირის და ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე გადაწყვიტა. ჯუღელი საქართველოში ცხოვრების დროს აქტიურად იყო ჩართული სამოქალაქო თუ პოლიტიკურ აქტივიზმში. ქვეყნიდან წასვლის მიუხედავად ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც სხვადასხვა შეფასებით გადაწყვეტს თუ რა მიმართულებით განვითარდება ქვეყანა და რა ბედი ეწევა გამჭვირვალობის მოტივით, გაუმჭვირვალე მთავრობის მიერ მიღებულ “რუსულ კანონს”, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების და ფინანსური მხარდაჭერის შეჩერება გამოიწვია. 

ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 65 000-ზე მეტმა ემიგრანტმა გამოთქვა, მათ შორისაა ჩვენი სიუჟეტის გმირიც. მამუკა ჯუღელთან ერთად კიდევ ბევრი ემიგრანტი ფიქრობს, რომ უცხოეთში საარჩევნო უბნები არასაკმარისი და საცხოვრებელი ადგილებიდან საკმაოდ მოშორებითაა, რაც თავის მხრივ ართულებს პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას.

სწორედ საარჩევნო უბნების დამატების მიზნით, ქართველმა ემიგრანტებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. სარჩელი თბილისის სასამართლომ 26 სექტემბერს განიხილა, თუმცა მოსამართლე ნანა აფციაურმა საქმის წარმოება შეწყვიტა “დავის საგნის” არ არსებობის მიზეზით.

ამავე დღესვე საკითხს გამოეხმაურა ცესკოც, ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა ზემოხსენებული ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მცდელობად შეაფასა.

26 სექტემბერსვე ცესკოში გაიმართა საჯარო სხდომა, სადაც საზღვარგარეთ დამატებითი უბნების გახსნაზე იმსჯელეს, თუმცა – მხარი არ დაუჭირეს. 

რამდენად საკმარისია საარჩევნო უბნების რაოდენობა და რა გეგმა აქვს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას? – კითხვებით უწყებას დავუკავშირდით, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, გიორგი სანტურიანი თქმით, ცესკომ იმ უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედა, რაც მათ ჰქონდათ. 

საზღვარგარეთ უბნების დამატების შესახებ კითხვა ჩვენ ახალციხის მერს და “ქართული ოცნების” ახალციხის ოფისის ხელმძღვანელს, ირაკლი ლაზარაშვილსაც დავუსვით, მან გვითხრა, რომ ცესკოს საქმიანობაში ჩარევა საჭირო არ არის. 

რა პროცედურები უნდა გაიაროს საქართველოს მოქალაქემ უცხოეთში იმისათვის, რომ შეძლოს არჩევნებში მონაწილეობა? – “სამართლიანი არჩევნების” სამართლებრივი ექსპერტი, გიორგი მონიავა გვესაუბრება.

ცესკოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, 42 ქვეყანაში 6მცხოვრებმა 65 000-ზე მეტმა ემიგრანტმა გამოთქვა. ამავე წყაროს ცნობით, საზღვარგარეთ ჯამში 60 საარჩევნო უბანია გახსნილი. 

არჩევნებში მონაწილეობის მსურველებისთვის, საკონსულო აღრიცხვა და რეგისტრაცია 7 ოქტომბრამდეა შესაძლებელი. 

საპარლამენტო არჩევნები, რომელიც მემორანდუმადაც არის შეფასებული, 26 ოქტომბერს გაიმართება. 

ავტორი: მიშო დარბაიძე – 577681889