ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
რუსეთი საქართველოში ადამიანის უფლებებზე ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც ირწმუნება, რომ ჯავახეთში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ავტონომიას ითხოვს, ხოლო ქვემო ქართლში ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა ფართო პოლიტიკურ წარმომადგენლობას.
ანგარიშის მიხედვით, რუსეთი ამბობს, რომ საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ, ქართულმა სახელმწიფომ შემოიღო არაერთი კანონი, რომელიც ეთნიკურ უმცირესობებს უზღუდავს საკუთარი ენების გამოყენებას და არაადგილობრივ ეთნიკურ ჯგუფებს აიძულებს ოფიციალურ სტრუქტურებთან კომუნიკაციისას, გამოიყენონ მხოლოდ ქართული ენა.
“მაგალითისთვის, დიდი ხანია სომხური საზოგადოება აყენებს ავტონომიის [შექმნის] საკითხს სამცხე-ჯავახეთისთვის, ხოლო აზერბაიჯანელები ქვემო ქართლიდან მოითხოვენ უფრო ფართო წარმომადგენლობას ადგილობრივ სტრუქტურებში, სადაც ყველა მთავარი პოსტი ქართველების მიერაა დაკავებული. ეს მოთხოვნები არ არის მხარდაჭერილი ქართული ხელმძღვანელობის მიერ, რადგან ისინი სეპარატისტულ სენტიმენტების გამოხატულებად აღიქმება,” – ნათქვამია ანგარიშში.
სამცხე-ჯავახეთის “მედია ანალიტიკური ცენტრის” დირექტორი, ედუარდ აივაზიანის თქმით, მას არ ახსენდება ბოლო წლებში რომელიმე ორგანიზაციას ჯავახეთის ავტონომია მოეთხოვოს და აღნიშნულში რუსეთის პროვოკაციის ნიშნებს ხედავს.
“რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იყენებს ცალკეულ შემთხვევებს, რათა შექმნას ყალბი, თითიდან გამოწოვილი ამბავი,, რომელსაც თავის ანგარიშში წერს,” – გვეუბნება სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის საქართველოს წარმომადგენელი, დავით ძიძიშვილი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებული სპეციალური ანგარიში, მსოფლიოს 43 ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას ეხება.