რუსეთი აფხაზეთსა და ცხინვალში ეკონომიკურ კრიზისს ნავთობპროდუქტებზე მონოპოლიის დაკანონებით ამწვავებს – DRI

January 16, 2024

რუსეთი აფხაზეთსა და ცხინვალში ეკონომიკურ კრიზისს ნავთობპროდუქტებზე მონოპოლიის დაკანონებით ამწვავებს, – ამის შესახებ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი წერს.
როგორც ორგანიზაციაში მიუთითებენ, მათი დაკვირვებით, რუსეთი ნავთობპროდუქტების ექსპორტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავლენის განსამტკიცებლად იყენებს და როგორც ცხინვალში ისე – აფხაზეთში ხშირია ექსპორტის შეწყვეტის შემთხვევები.

“აფხაზეთში საწვავის პრობლემა 26 დეკემბერს დაიწყო, როდესაც აფხაზეთის საწვავის ასოციაციამ უარი განაცხადა როსნეფტთან შეთანხმებაზე იმის გამო, რომ ის უნდა გამხდარიყო საწვავის ერთადერთი მიმწოდებელი. ასოციაციაში აცხადებდნენ, რომ ეს მონოპოლიზაციას გამოიწვევდა; მოსახლეობა მიიჩნევს, რომ კრიზისი ხელოვნურადაა შექმნილი,” – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე წყაროს ცნობით, ნავთობპროდუქტების კრიზისი ოკუპირებულ ცხინვალში და აფხაზეთში თვის ბოლომდე გაგრძელდება.

დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტი მიუთითებს, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხელოვნურად ამძიმებს ისედაც არსებულ ეკონომიკურ კრიზისს, რითაც ცდილობს აფხაზეთსა და ცხინვალზე გავლენების გაძლიერებას.