რუსული ზეთი, წიწიბურა, შესქელებული რძე – კიდევ რა დევს სასაჩუქრე პაკეტში, რომელსაც გარდაბნის მერია ყიდულობს

March 3, 2025

გარდაბნის მუნიციპალიტეტმა 450 ცალი სასაჩუქრე საკვები პროდუქტების პაკეტი შეიძინა. სადღესასწაულო საჩუქრებისთვის ბიუჯეტიდან 45 954 ლარი იხარჯება.

ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან შპს ,,ნიკნეულა“-თან 25 თებერვალს გაფორმდა.

მერია 450 ცალ სასაჩუქრე ნაკრებს ხუთი სხვადასხვა დღესასწაულისთვის ყიდულობს: 3 მარტი, აღდგომა, 9 მაისი, 26 მაისი და 1 ივნისი.

სასაჩუქრე ნაკრებების შემადგენლობა განსხვავებულია. 3 მარტს 180 ოჯახი მიიღებს პაკეტს, სადაც იქნება: შაქარი, წიწიბურა, ბრინჯი, ვერმიშელი, ხილის კარამელი, ლობიო, ზეთი, შედედებული რძე, თაფლი, ფქვილი, ნატურალური წვენი და შოკოლადის კანფეტი. სასაჩუქრე პაკეტში სხვადასხვა ქვეყნის წარმოების პროდუქტებია:

რუსულია- შედედებული რძე, წიწიბურა და ზეთი, ქართულია – შაქარი, ფქვილი, ვერმიშელი, ნატურალური წვენი, თაფლი; აზერბაიჯანის წარმოებისაა ხილის კარამელი და შოკოლადის კანფეტი, პაკისტანის წარმოებისაა ბრინჯი. უზბეკეთის მიერ წარმოებულია ლობიო.

ვინ მიიღებს სადღესასწაულო საჩუქრებს- ჩვენ გარდაბნის მერიას დავუკავშირდით. მერიაში ამბობენ რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 32 დადგენილების მიხედვით ( დანართი 2) განსაზღვრულია პროგრამით მოსარგებლე პირები და ნობათის გაცემის წესი. დოკუმენტში წერია, რომ 3 მარტს სასაჩუქრე ნობათს მრავალშვილიანი ოჯახები მიიღებენ.

Tags: ,