“რუსული კანონის” მომწონენი სამცხე-ჯავახეთიდან

May 15, 2024

მიუხედავად იმისა, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები და ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში საფრთხე დაემუქრება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას, სამცხე-ჯავახეთის თანამდებობის პირები მაინც ფიქრობენ, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი და რომ ეს კანონი “ქართულია”.

სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა ახალციხის მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმა: “ეს არის ჩვენი ისტორიული მისია და მიზანი, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ ჩვენი თვითმყოფადობით, კულტურით, ეროვნული ფასეულობებით. მიუხედავად, იმ გამოწვევებისა, რაც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, მყარად გავაგრძელებთ აღებულ კურსს, ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ჩვენი შვილების უკეთეს მომავალზე ზრუნვას და აუცილებლად გავხდებით ევროპული ოჯახის ნაწილი,” – წერს ლაზარაშვილი.

“მხარს ვუჭერ კანონის მიღებას. საქართველოს სუვერენიტეტისთვის, გამჭვირვალობისთვისა და ევროკავშირში საქართველოს ღირსებით შესვლისთვის,” – წერს ნინოწმინდის მერი, ანივარდ მოსოიანი. ეს სწორედ ის საჯარო პირია, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ, ჰომოფობიური და სიძულვილის ენის შემცველი პოსტი გააზიარა, მოგვიანებით კი – წაშალა.

ნინოწმინდის მერმა ჰომოფობიური და სიძულვილის ენის შემცველი პოსტი გაავრცელა

“კანონი არის სწორედ რომ ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას – ეს არის სწორედ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება,” – წერს სოციალურ ქსელში ბორჯომის მერი ოთარ არბოლიშვილი, რომლის უწყებაშიც, 26 თებერვალს გაგზავნილ საჯარო ინფორმაციაზე პასუხი ამ დრომდე არ გვაქვს.

“ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას! სუვერენიტეტის განმტკიცებას ემსახურება ქართული კანონის მიღება და ამოქმედება. ყველაფერი, რაც მიმართულია ქვეყანაში არეულობის წახალისებისკენ, არის მოღალატეობრივი, ეწინააღმდეგება ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებას და ღირსეულ ინტეგრაციას ევროპულ ოჯახში,” – წერს მხარის სახელმწიფო რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი.

აქვე გეტყვით, რომ ქართულმა ოცნებამ არ გაითვალისწინა უცხოელი პარტნიორების მოწოდებები და რუსული კანონი, 84 ხმით მიიღო. კანონის წინააღმდეგ 30 დეპუტატი წავიდა.

რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატების სიაში ტრადიციულად არიან სამცხის და ჯავახეთის დეპუტატები, ანტონ ობოლაშვილი და სამველ მანუკიანი.  ისევე, დეპუტატი ჯავახეთიდან, სუმბატ კიურეღიანი.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია, თბილისში უწყვეტად მიმდინარეობს.