16-მა მედიამ, 120-მა არასამათავრობო ორგანიზაციამ და 4-მა ფიზიკურმა პირმა, „რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს, სადაც საუბარია “რუსული კანონის” და სხვა შემზღუდავი კანონების მიღების შემდგომ გაუარესებულ გარემოზე, მათი რეპრესიული აღსრულების და სამოქალაქო ორგანიზაციების დევნის ერთიან პროცესზე, – ინფორმაციას “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ორგანზიაციებმა სტრასბურგის სასამართლოს საჩივრით 2024 წლის 17 ოქტომბერს მიმართა,. ევროპულმა სასამართლომ უკვე მიიღო სახელმწიფოს პასუხი საჩივართან დაკავშირებით. შემდეგ ეტაპზე იუსტიციის სამინისტროს კვლავ მოუწევს წერილობითი მოსაზრებების სასამართლოში წარდგენა და მომჩივნების
წერილობით არგუმენტაციაზე პასუხის გაცემა.
“არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, ასევე ფიზიკური პირები სტრასბურგის
სასამართლოში დავობენ, რომ ,,რუსული კანონი” არღვევს ადამიანის უფლებათა
ევროპული კონვენციით დაცულ გაერთიანების თავისუფლებას (მე-11 მუხლი),
გამოხატვის თავისუფლებას (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების
დაცულობის უფლებას (მე-8 მუხლი), დისკრიმინაციის აკრძალვის (მე-14 მუხლი),
სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლების (მე-13 მუხლი) და
უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს (მე-18 მუხლი).
სასამართლომ საქმე წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო. ამასთან,
სასამართლოს მიერ გამოგზავნილ კორესპონდენციაში მითითებულია, რომ
სასამართლომ საქმეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი შეიძლება
მიანიჭოს. მსგავსი სტატუსი ენიჭება ისეთ საქმეებს, რომლებიც ადამიანის უფლებათა
დარღვევის გამორჩეულად მნიშვნელოვან საკითხებს ეხება.
იუსტიციის სამინისტრომ საკუთარ პოზიციაში დამალა/არ მიაწოდა სასამართლოს
ინფორმაცია “FARA”-ს მიღებისა და ,,გრანტების შესახებ” კანონში შეტანილი
ცვლილებების თაობაზე, რომლებიც სამოქალაქო სექტორის შევიწროებისა და დევნის
მექანიზმებია და თავისი არსით წარმოადგენს ,,რუსული კანონით” დაწესებული შემზღუდველი რეჟიმის გაგრძელებას. ამასთან, იუსტიციის სამინისტროს მოსაზრებით
,,რუსული კანონი” არ არღვევს კონვენციით დაცულ უფლებებს.
მომჩივნებმა სასამართლოს წარუდგინეს ინფორმაცია იმ რეპრესიული მექანიზმების და
ეფექტების შესახებ, რაც ,,რუსული კანონის” ძალაში შესვლიდან დღემდე
უფლებადამცველი და მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ გამოიყენება, მათ შორის,
უკანასკნელ პერიოდში ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღების პროცესის
შესახებ.
საქმის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიანიშნებს ისიც, რომ მასში მესამე მხარედ
ჩართვა ადამიანის უფლებების დამცველმა 8 საერთაშორისო ორგანიზაციამ/კოალიციამ
21 სუბიექტის სახელით მოითხოვა. 1 ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქმის
მნიშვნელობას და ხაზს უსვამს უფლებადამცველი და მედია ორგანიზაციების მიმართ იმ
სისტემურ რეპრესიებს, რომლებსაც საკანონმდებლო დონეზე სათავე ,,რუსული
კანონით” დაედო. საქმეში მესამე მხარის მოსაზრებები წარადგინეს, მათ შორის ვენეციის
კომისიამ და ამნესთი ინთერნეშენალმა,” – ნათქვამია განცხადებაში.