ინგუშეთში, რუსულ-ქართული ფორუმი გაიმართა, რომელშიც 100-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მათ შორის, ინგუშეთის რესპუბლიკის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 50 ადამიანი საქართველოდან იყო. ამავე წყაროს მიხედვით, ჩვენი ქვეყანა წარმოდგენილი იყო ბიზნესის სექტორის, სტუდენტების, პოლიტოლოგების, ბლოგერების და ეკონომიკური მიმომხილველების მიერ. ღონისძიების ორგანიზატორები ინგუშეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭოა მითითებული.
ამავე წყაროს ცნობით, ფორუმს ესწრებოდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები რუსეთიდანაც.
ის, რომ რუსულ-ქართული ფორუმი გაიმართებოდა, 18 ოქტომბერს, სოციალურ ქსელში დაანონსდა “დავით ცეცხლაძე-დიასპორის” გვერდზე. აქვ მითითებულია, რომ ფორუმის მიზანი “ორი ქვეყნის [რუსეთი, საქართველო] ახალგაზრდებს შორის მეგობრული კავშირების განმტკიცებაა.”
გვაინტერესებდა, რუსეთის ოკუპაციის ფონზე, უქმნის თუ არა უხერხულობას მსგავსი ფორუმის გამართვა და ანონსირება – ამ შეკითხვით ინფორმაციის გამავრცელებელ გვერდსვე მივწერეთ, პასუხი არ მიგვიღია.
გარდა ამისა, ფორუმის შესახებ ინფორმაცია და ფოტო/ვიდეო მასალა ვრცელდება “ტელეგრამ” ჯგუფში, სადაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია თუ როდის ჩავიდა ქართული დელეგაცია ინგუშეთში და რა აქტივობებს დაესწრნენ. მათ შორის, გავრცელებული ფოტოების მიხედვით, მოინახულეს კულტურული მემკვიდრეობების ძეგლები, დაესწრნენ პლენარულ სესიებს და კონცერტს.
“ტელეგრამ” ჯგუფში, ფორუმის დასრულების აღმნიშვნელ პოსტში წერია, რომ “ეს მხოლოდ დასაწყისია.”
ცეცხლაძე და რუსეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ინიციატივით შექმნილი რუსეთ-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები ინგუშეთში მანამდეც იმყოფებოდნენ. ინგუშეთის რესპუბლიკის მთავრობის მეირ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2023 წლის დეკემბერში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სატრანსპორტო კავშირებზე, ახალგაზრდული ფესტივალის და არქეოლოგიური ექსპედიციების გამართვაზე იმსჯელეს.
ინგუშეთის რესპუბლიკა, 1992 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა. იგი ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შედის.