სად არის სიმართლე? ცრუ ინფორმაცია, რომელიც სამცხე-ჯავახეთში ვრცელდება

September 9, 2024

გსმენიათ კალმებში ჩამონტაჟებული კამერის შესახებ? ან ხმის მიცემის აპარატის შესახებ, რომელიც თქვენი არჩევანის მიუხედავად მაინც სასურველ ნომერს ხაზავს? ანდაც გგონიათ, რომ თქვენი ბიულეტენი საჯაროდ გამოქვეყნდება და გაიგებენ ვის მიეცით ხმა? – ეს ტყუილია.

რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, ეს ცრუ ინფორმაცია საზოგადოებაში აქტიურადაა გავრცელებული და ზოგ ადამიანს მისი სჯერა კიდეც, რაც შედეგობრივად, ამ სიცრუის გამავრცელებელთა მიზნების კვალდაკვალ, ხმის მიცემისას მოქალაქის არჩევანს განაპირობებს. ზოგჯერ ეს გამიზნული ტყუილები ხდება საბაბი იმისა, რომ მოსახლეობა არჩევნებში მონაწილეობისგან თავს იკავებს ან აკეთებს ისეთ არჩევანს, რომლისაც თავადაც არ სჯერა.

იმისათვის რომ უკეთ გავიგოთ, რა ინფორმაციას თვლიან სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებლები ტყუილად ჩვენ რამდენიმე მათგანს გავესაუბრეთ.

ის, რომ ზემოხსენებული ინფორმაცია ტყუილია ადასტურებს “სამართლიანი არჩევნების” სამართლებრივი ექსპერტი, გიორგი მონიავა. იგი გვეუბნება, რომ თუ პროცედურები ზედმიწევნით იქნება დაცული შეუძლებელია ხმის მიცემის ფარულობა დაირღვეს.

“არც ბიულეტენი და არც აპარატები არ იძლევა საშუალებას რომ კონკრეტული ბიულეტენი დაუკავშიროს ამომრჩეველს ამის თეორიული შესაძლებლობა არ არის,” – გვეუბნება მონიავა.

Რას აკეთებს და როგორ უპირისპირდება ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) წინასაარჩევნოდ გავრცელებულ ამ და სხვა მრავალ დეზინფორმაციას და როგორ აწვდის ამომრჩეველს ინფორმაციას ახალი ტექნოლოგიების შესახებ ? – ცესკოს პრესსპიკერი, ნათია ზარნაძე-იოსელიანი გვესაუბრება.

არჩევნების დროს დეზინფორმაცია და ყალბი ინფორმაცია ხშირად გამოიყენება საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისთვის, პოლიტიკურ წრეებში გაურკვევლობის შესაქმნელად და დემოკრატიული პროცესების საწინააღმდეგოდ. დეზინფორმაცია მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და არჩევნების სამართლიანობას.