ავტორი: მიშო დარბაიძე – 577681889
როგორ ესახებათ საქართველოში წარმოდგენილ საერთაშორისო ორგანიზაციებს “ქართულ ოცნებასთან”, მათ მიერ ფორმირებულ მთავრობასთან და ცალკეულ უწყებებთან კომუნიკაცია? აგრძელებენ ან/და იწყებენ ახალ პროექტებს და რამდენად აისახება მათ თანამშრომლობაზე ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი?
ამ კითხვებით ჩვენ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციას მივმართეთ:
- გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას(FAO);
- მსოფლიო ბანკს;
- გაეროს;
- აზიის განვითარების ბანკს;
- გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP);
- იუნისეფს;
- ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში;
- გერმანიის საერთაშორისო განვითარების საზოგადოებას;
- ევროპის საინვესტიციო ბანკს;
- UNHCR-ის წარმომადგენლობას საქართველოში;
- იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს;
- შვეიცარიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს;
- ავსტრიის განვითარების სააგენტოს;
- საერთაშორისო სავალუტო ფონდს.
ორგანიზაციების ნაწილს (FAO, მსოფლიო ბანკი, გაერო, აზიის განვითარების ბანკი, UNDP, იუნისეფი) კითხვებით 21 თებერვალს მივმართეთ, მათგან არასრული და ზოგადი ინფორმაცია მხოლოდ სამმა მოგვაწოდა, დანარჩენებისაგან კითხვებზე პასუხი არ გვაქვს.
აზიის განვითარების ბანკი

აზიის განვითარების ბანკიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ისინი კვლავ აგრძელებენ “ქართული ოცნების” მთავრობასთან თანამშრომლობას, “წინასწარ შეთანხმებული, თანამშრომლობის სტრატეგიით გათვალისწინებული პროგრამების განსახორციელებლად.”
“აზიის განვითარების ბანკი განაგრძობს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას მხარეებს შორის წინასწარ შეთანხმებული, ქვეყანასთან თანამშრომლობის სტრატეგიით გათვალისწინებული პროგრამების განსახორციელებლად. ეს თანხვედრაშია აზიის განვითარების ბანკის ქარტიასთან, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს აპოლიტიკურ მანდატს და გვავალებს გადაწყვეტილების მიღებისას გავითვალისწინოთ ეკონომიკური ფაქტორები. რაც შეეხება, აზიის განვითარების ბანკის პროექტებს.
– პროექტების განხორციელების პროცესში ვაგრძელებთ მტკიცე პოლიტიკის გატარებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გარემოსა და სოციალური დაცვა, რათა უზრუნველვყოთ ინვესტიციების განხორციელებისას დასახული განვითარების შედეგის მიღება,” – ნათქვამია წერილში.
UNDP

“ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობას აგრძელებს გაეროს განვითარების პროგრამაც, თუმცა გაეროს ოფიციალური პოზიციისთვის ორგანიზაციამ, “გაეროს მუდმივი კოორდინატორის წარმომადგენლობასთან” გადაგვამისამართა.
აქ კი ჩვენს კითხვებს ჯერჯერობით არ უპასუხეს.
“გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აგრძელებს საქართველოს ხელშეწყობას მდგრადი, თანასწორი და კლიმატგონივრული განვითარების გზაზე. ჩვენს დონორებსა და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციის პირობებში, ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ იმისთვის, რომ სათანადოდ ვემსახუროთ ქართველ ხალხს. 1993 წლიდან, UNDP მხარს უჭერდა საქართველოს განვითარებასა და სხვადასხვა პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური გამოწვევის დაძლევას. ჩვენი ხელშეწყობა მომავალშიც გაგრძელდება.
რაც შეეხება გაეროს ოფიციალურ პოზიციას საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის საკითხებში, ამ შეკითხვებით გთხოვთ მიმართოთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის წარმომადგენლობას.”
UNICEF

“გაეროს ბავშვთა ფონდის” პოზიცია შემდეგია:
“გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მონიჭებული მანდატის შესაბამისად, გაეროს ბავშვთა ფონდი იცავს ბავშვთა უფლებებს მთელ მსოფლიოში და ეხმარება გაეროს წევრ სახელმწიფოებს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებაში. 1994 წელს საქართველოს მიერ კონვენციის რატიფიცირებიდან მოყოლებული, გაეროს ბავშვთა ფონდი ეხმარება საქართველოს მთავრობას ბავშვთა უფლებების დაცვაში. გაეროს ბავშვთა ფონდი გააგრძელებს თანამშრომლობას მთავრობასთან, რათა უზრუნველყოს ყველა ბავშვის კეთილდღეობა საქართველოში,” – ნათქვამია ჩვენთვის გამოგზავნილ წერილში.
ჩვენ ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციიდან, გაეროდან და მსოფლიო ბანკიდან, რომელსაც 21 თებერვალს მივმართეთ.
ამავე კითხვებით მივმართეთ ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, გერმანიის საერთაშორისო განვითარების საზოგადოებას, ევროპის საინვესტიციო ბანკს, UNHCR-ის წარმომადგენლობას საქართველოში, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს, შვეიცარიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, ავსტრიის განვითარების სააგენტოს და საერთაშორისო სავალუტო ფონდს.
აუდიტორიას მათი პასუხების შესახებაც ვაცნობებთ.

საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ჯერ კიდევ 2024 წლის გაზაფხულზე დაიწყო, როდესაც “ქართულმა ოცნებამ” მორიგი დაპირება არ შეასრულა და ე.წ. “რუსული კანონი” კვლავ დააინიცირა, რომელიც მიუხედავად არაერთი ორგანიზაციის და მოსახლეობის პროტესტისა, მაინც მიიღო.
კრიზისი არჩევნების შემდგომ კიდევ უფრო გამწვავდა, რასაც 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების შეწყვეტა დაერთო და საბოლოოდ უწყვეტი პროტესტების მიზეზად იქცა.
არჩევნები აღიარა და “ქართულ ოცნებას” გამარჯვება მიულოცა მხოლოდ უნგრეთმა, აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა, ვენესუელამ და ჩინეთმა.
საქართველოში არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცავს არც აშშ-ს, არც ევროკავშირის ქვეყნებს, გარდა უნგრეთისა.
თუმცა, 14 მარტს, ამერიკის ელჩი რობინ ლ. დანიგანი მაკა ბოჭორიშვილის შეხვდა. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად არის მოხსენიებული.


“ელჩი დანიგანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, ასევე, ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება.”