ახალციხის საკრებულოს დეპუტატის, ზაზა მელიქიძის (რომელიც 2014-2021 წლებში ახალციხის გამგებელი და მერი იყო) ნათესავმა, ლაშა თედორაძემ, 1,6 წელში, ახალციხის მერიისგან, შესყიდვებით 400 000-ზე მეტი ლარი მიიღო, – კვლევას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აქვეყნებს.
ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, პირმა ბიზნეს საქმიანობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მელიქიძე არა მერი, არამედ საკრებულოს დეპუტატი იყო. ასევე, ორგანიზაციაში მიუთითებენ, რომ ლაშა თედორაძე ახალციხის საკრებულოს პრესსამსახურის და ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილის სიძეა.
კვლევის მიხედვით, მიღებული სახელმწიფო შესყიდვებიდან 85 %-მდე პირდაპირი და უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებია.
ორგანიზაციაში მიუთითებენ, რომ ლაშა თედორაძემ შპს “სხივი” 2023 წლის 6 ოქტომბერს დააფუძნა, ხოლო 3 ოქტომბერს გამოცხადებული ტენდერი უკონკურენტოდ მიიღო. (საყუნეთის შიდა გზების რეაბილიტაციაზე 40 000-მდე ღირებულების ტენდერი 3 ოქტომბერს გამოცხადდა, ხოლო წინადადებების მიღება 17-ში დაიწყო)
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ცნობით, კომპანიას 2023-2025 წლებში, სახელმწიფო შესყიდვებით მიღებული აქვს 520 994 ლარი. აქედან, 400 000-ზე მეტი ლარი, ახალციხის მერიიდან დაერიცხა.
კვლევის ავტორის, თამუნა უჩიძის თქმით, გარდა ზემოხსენებულისა: “თედორაძემსპეციალიზირებული მარილის შეძენაზე, ააიპ “ახალციხის სერვის ჯგუფის” ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო და 22 200 ლარი მიიღო. ამ ააპის დირექტორი და სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, არის ლაშა თედორაძის მეგობარი და ხელშეკრულებაც მან გაუფორმა.”
ადასტურებს თუ არა კვლევაში მითითებულ მონაცემებს ლაშა თედორაძე? – ჩვენი რედაქცია მასთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა იგი ჩვენს ზარებს არ პასუხობს.