ნინოწმინდის საკრებულოში, “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ბიძამ და ამავე პარტიის შემწირველმა, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ნინოწმინდის მერიის შესყიდვებით 3 მილიონამდე ლარი მიიღო, აქედან თანხის 60 %-ზე მეტი სხვების დისკვალიფიკაციით, უკონკურენტოდ და გამარტივებული შესყიდვებით, – კვლევას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აქვეყნებს.
კვლევის მიხედვით, ი.მ რაზმიკ ღუმაშიანმა, ბოლო 10 წლის განმავლობაში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 49 სპორტული და სათამაშო მოედნის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე, ასევე, წყლისა და გაზის გაყვანილობების მოწყობაზე, სულ 35 სახელმწიფო შესყიდვა მიიღო.
კვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ ღუმაშიანმა ნინოწმინდის მერიისგან, მილიონ ლარზე მეტი მას შემდეგ მიიღო, რაც 2021 წელს მისი დის შვილი ნინოწმინდის საკრებულოში „ქართული ოცნების“ სიით შევიდა.
რა პოზიცია აქვს აღნიშნულთან დაკავშირებით ნინოწმინდის თავმჯდომარეს, ვაან აროიანს? ჩვენ მას დავუკავშირდით, თუმცა გვითხრა რომ დრო არ ჰქონდა და ტელეფონი გაგვითიშა.
რაც შეეხება რაზმიკ ღუმეშიანს. იგი ჩვენთან საუბარში ამბობს, ციტატა: “არცერთი ტენდერი უკანონოდ არ მიმიღია, არც გამარტივებული წესით. ზოგჯერ მქონია შემთხვევა, როცა ზარალის კი მიმიღია.”
ამავე კვლევის მიხედვით, რაზმიკ ღუმაშიანმა ერთის გარდა, ყველა სახელმწიფო შესყიდვა მხოლოდ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიისგან მიიღო. 2021 წლის აგვისტოში კი მან „ქართული ოცნებას“ 5 000 ლარი შესწირა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლოს რაზმიკ ღუმაშიანისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვები და დაადგინოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი შესაძლო კორუფციულ გარიგებებს,” – ნათქვამია კვლევაში.