სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ვახტანგ თაქთაქიძე აირჩიეს
რექტორობის კანდიდატი, თინა გელაშვილი აცხადებს, რომ თაქთაქიძე კანონდარღვევით დარეგისტრირდა და საკითხზე განათლების სამინისტროს უკვე მიმართა.
თაქთაქიძე ახალციხის ექსმერის, ირაკლი ლაზარაშვილის ფინანსური კონსულტანტი იყო
ვრცლად ნახეთ სიუჟეტი
ტექსტი:
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი რექტორი აირჩეს, იგი მოვალეობის შესრულებას I თებერვლიდან დაიწყებს. 8 პირისგან შემდგარი აკადემიური საბჭოს 7-მა წევრმა, ხმა ვახტანგ თაქთაქიძეს მისცა, ხოლო 1 ხმა, ყოფილმა რექტორმა, თინა გელაშვილმა მიიღო. რექტორის არჩევნები საგანმანათლებლო დაწესებულებაში დღეს გაიმართა.
ვახტანგ თაქთაქიძე, მისივე თქმით, 2017 წლიდან უნივერსიტეტში სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებს ასწავლის. თაქთაქიძე ახალციხის ყოფილი მერის, ირაკლი ლაზარაშვილის ფინანსური კონსულტანტი იყო.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევის მიხედვით, ახალარჩეული რექტორის მამა, როინ თაქთაქიძე 2014-2016 წლებში, ახალციხის მერიაში ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი იყო.
რექტორის არჩევნების დასრულების შემდეგ, თაქთაქიძის კონკურენტმა, თინა გელაშვილმა, რომელიც 2007 – 12 წლებში ამავე უნივერსიტეტის რექტორი იყო, ჩვენთან ინტერვიუში თქვა, რომ თაქთაქიძე კონკურსში კანონდარღვევით დარეგისტრირდა, რადგან მას რექტორობის კანდიდატობისთვის საჭირო გამოცდილება არ აქვს და რეგისტრაცია მოქმედი რექტორის, მაკა ბერიძის თანხმობით მოახერხა. თინა გელაშვილი გვეუბნება, რომ საჩივრით უკვე მიმართა სადავო ლეგიტიმაციის მთავრობის განათლების სამინისტროს.
აღნიშნულს უარყოფს როგორც მაკა ბერიძე, ასევე ვახტანგ თაქთაქიძე.
დაიწყო თუ არა საჩივრის განხილვა სადავო ლეგიტიმაციის მთავრობის, განათლების სამინისტრომ? ჩვენ მთელი დღის განმაავლობაში ვცდილობდით უწყებას დავკავშირებოდით. თუმცა, აქ ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.
რა გეგმა აქვს ვახტანგ თაქთაქიძეს და განიხილავს თუ არა საკადრო ცვლილებებს? – მისი პასუხი შემდეგია.
ჩვენ როგორც ახალარჩეულ ისე მოქმედ რექტორს, ვთხოვეთ შეეფასებინათ სადავო ლეგიტიმაციის მთავრობის განათლების მინისტრის გადაწყვეტილება, თბილისის და ტექნიკური სახელმწიფო უნივერსიტეტების გაერთიანების შესახებ.
მაკა ბერიძემ ამბობს, რომ ინფორმაცია არ აქვს და გადაწყვეტილების შესახებ დღეს გაიგო. ვახტანგ თაქთაქიძემ გვითხრა, რომ დაელოდება თუ რა შედეგის მომტანი იქნება ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანება და შემდეგ გააკეთებს კომენტარს.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობისთვის თავდაპირველად სამი კანდიდატი იბრძოდა, მათ შორის ერთ-ერთი იყო მერაბ ბერიძე, რომელიც ამ თანამდებობას 2013-18 წლებში იკავებდა და რომელიც დღეისათვის რექტორის მოადგილეა. მან 27 იანვარს, კანდიდატების პროგრამების საჯარო განხილვის დროს, კანდიდატურა, ვახტანგ თაქთაქიძის სასარგებლოდ მოხსნა.
I თებერვლამდე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, მაკა ბერიძე იქნება. იგი ამ თანამდებობას 2018 წლიდან იკავებს. ბერიძე უნივერსიტეტს ორი ვადით, 8 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ ჰქონდა. როგორც მან ჩვენთან ინტერვიუში თქვა, გეგმავს უნივერისტეტში, ლექტორის სტატუსით გააგრძელოს მუშაობა.