ახალციხის სოფელ პატარა პამაჯში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დაიწყეს თუმცა მალევე შეაჩერეს – ახლა ტერიტორიაზე მხოლოდ კედლებია
რეაბილიტაცია დაიწყეს და შეაჩერეს ახალციხის N1 ბაგა-ბაღში და ახალქალაქის N3 ბაღშიც
30 საბავშვო ბაღის საქმეზე დააკავეს მუნიციპალური განვითარების ყოფილი დირექტორი – გიყვებით, სამცხე-ჯავახეთში საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის დაწყების და შეჩერების პროექტებზე.
ტექსტი:
ახალციხის სოფელ პატარა პამაჯში, საბავშვო ბაღის რეკონსტრუქციისთვის ხელშეკრულება, მხარეებს შორის 2023 წელს დაიდო. მუნიციპალური განვითარების ფონდის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, სამუშაოები დაახლოებით 2024 წლის ზაფხულში დაიწყო, მოშალეს საბავშვო ბაღის სახურავი, კარ-ფანჯრები, ძველი ანალესისგან გაასუფთავეს კედლები, თუმცა პროცესი მალევე შეჩერდა და ამ დრომდე არ გაგრძელებულა. უკვე მეორე წელია შენობა ასე გამოიყურება.
საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის მოლოდინში პატარა პამაჯის ნაწილს ბავშვები ქალაქ ვალეში დაჰყავთ.
ამ სოფლის საბავშო ბაღი იმ 30 ბაღს შორისაა, რომელთა გამოც, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანახმად, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიმართ გამოძიება დაიწყო. ამავე წყაროს ცნობით, ფონდმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შპს “ლაგი კაპიტალს”, დასაბუთების გარეშე მისცა ავანსი, მაშინ როდესაც სამუშაოები არ იყო შესრულებული. შედეგად კი, ფინანსთა სამინსიტროს თქმით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, დააკავეს ფონდის ყოფილი დირექტორი, დავით ტაბიძე.
საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის საქმეზე, ფინანსთა სამინისტროსვე ცნობით, ასევე, დაკავებულები არიან შპს “ლაგი კაპიტალის” ხელმძღვანელი პირები, რომლებსაც ბრალად 9 მილიონზე მეტი ლარის თაღლითურად დაუფლებას ედავებიან.
რა მოხდა? – დავიწყოთ ეტაპობრივად.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ახალციხის ნ1 და პამაჯის ბაგა ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის საჭირო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების და ამ დოკუმენტაციის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი, 2023 წლის 14 ნოემბერს გამოაცხადა.
პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება 1 800 000-ზე მეტი ლარი იყო. ჯამში სამუშაოები 3 მილიონზე მეტ ლარს ითვალისწინებდა. კონკურსში მხოლოდ შპს “ლაგი კაპიტალ”-მა მიიღო მონაწილეობა, გაიმარჯვა და ხელშეკრულება იმავე წლის 19 დეკემბერს დაიდო.
თუმცა, 2025 წლის 17 აპრილით დათარიღებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ფონდმა კომპანიას ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყვიტა, 500 000-მდე ლარით დააჯარიმა და შავ სიაში შეიყვანა.
გასცა თუ არა მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამ შესყიდვაზეც წინასწარ ავანსი მითითებული არ არის.
გარდა ამისა, კომპანიამ იგივე დროს, იგივე თანხაზე მუნიციპალური ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი მიიღო ახალქალაქშიც, სადაც ქალაქ ახალქალაქის ნ3 საბავშო ბაღი უნდა გაერემონტებინა. თუმცა ზემოხსენებული შესყიდვის მსგავსად, კომპანიამ არც ეს ვალდებულება შეასრულა. შედეგად ხელშეკრულება შეუწყვიტეს 800 000-მდე ლარით დააჯარიმეს და შავ სიაში შეიყვანეს. გადაიხადა თუ არა კომპანიამ ჯარიმები? – აქ ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.
მუნიციპალური განვითარების ფონდს, კომპანიაზე წინასწარი ავანსით 180 000-მდე ლარი ჰქონდა გადახდილი.
რა ხდება ახლა? – რა ბედი ეწიათ საბავშო ბაღებს? ახალციხის მერიაში გვეუბნებიან, რომ აღნიშული მუნიციპალური განვითარების ფონდში უდნა მოვიკითხოთ, ახალქალაქის მერიაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.
მუნიციპალური განვითარების ფონდში გვითხრეს, რომ წერილობით უნდა მიგვემართა. ჩვენ უწყებას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით წერილი უკვე გავუგზავნეთ.
ჩვენს ზარებს არ პასუხობენ არც კომპანიაში.
ახალციხის მერიიდან მიღებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე პატარა პამაჯიდან ვალეში 7 ბავშვიდადის. მათ ტრანსპორტი არ ემსახურებათ.
ჯამში კომპანიასა და ფონდს შორის დაწყებული საქმე, 30 საბავშო ბაღის რეაბილიტაციას ეხება.
რაც შეეხება კომპანიას – საჯარო რეესტრის მიხედვით, კომპანია 2015 წელს დაფუძვნდა. ამ კომპანიის ნახევარი 2023 წლის სექტემბრამდე ირაკლი ზარქუას ცოლისძმას ეკუთვნოდა.