სამცხე-ჯავახეთის 5 მუნიციპალიტეტს რეანომობილი არ ჰყავს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში ფრაქცია “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ისაუბრა.
დეკანოიძის თქმით, ქვეყანას მხოლოდ 22 რეანომობილი ჰყავს და 40 მუნიციპალიტეტში რეანომობილი საერთოდ არ არის.
ჩვენ სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერებს დავუკავშირდით. ადიგენის მერი, გოჩა ქიმაძე ადასტურებს, რომ მუნიციპალიტეტში რეანომობილები არ ჰყავთ და საჭიროების შემთხვევაში ან ახალციხიდან ან თბილისიდან იძახებენ.
რეანომობილები არ ჰყავთ ასევე ნინოწმინდაში. მუნიციპალიტეტის მერი ამბობს, რომ ეს პრობლემაა და მისი მოგვარება არაერთგზის სცადეს.
ბორჯომის მერი გვეუბნება, რომ რეანომობილები კერძო კომპანიას ჰყავს და ისინი ემსახურებიან. ბორჯომის კლინიკაში ამბობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში რეანომობილებს იძახებენ და დაგვიანების შემთხვევები არ ყოფილა, თუმცა კონკრეტულად საიდან ჩამოდიან ინფორმაცია არ აქვთ.
რეანომობილი ადგილზე არ ჰყავს ასპინძის მუნიციპალიტეტსაც, ამას გვიდასტურებს ასპინძის მერი როსტომ მაგლაქველიძე.
ახალციხის მერიიდან ინფორმაციის მიღებას ველოდებით.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში გვითხრეს, რომ საკითხზე საჯარო ინფორმაცია უნდა გამოგვეთხოვა.
აქვს თუ არა რეანომობილების არ ყოლის შესახებ ინფორმაცია სამცხის მაჟორიტარ დეპუტატს, ანტონ ობოლაშვილს? კითხვის დასმა ჩვენ მისთვის გვინდოდა, თუმცა არ გვიპასუხა.
რეანომობილების დეფიციტის და ამით გამოწვეული რისკების შესახებ ჩვენი რედაქცია წლებია მუშაობს. ის, რომ სამცხე-ჯავახეთის ექვს მუნიციპალიტეტს მხოლოდ ერთი რეანომობილი ემსახურება, რომელიც ახალციხეშია, ამაზე ჩვენ გასულ წელსაც ვწერდით.