ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
სამცხე-ჯავახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას პატრიოტთა ალიანსიც გეგმავს. თუმცა ვინ განიხილება საზოგადოებისთვის უცნობია.
პარტიის წარმომადგენელი, ახალციხეში, დავით ბერიძე TOK TV-სთან საუბარში ამბობს, რომ კანდიდატებზე მსჯელობა ამ დრომდე მიმდინარეობს და შერჩეულის ვინაობა მალე გახდება ცნობილი.
„ვაპირებთ წარვადგინოთ დეპუტატობის კანდიდატები. ჯერ კიდევ განხილვის პროცესში ვართ და მალე ოფიციალურად დავასახელებთ მათ,“ – გვითხრა ბერიძემ.
ჯავახეთში დეპუტატობის კანდიდატს წარადგენს „თავისუფალი საქართველოც.“ „რამდენიმე კანდიდატურას განვიხილავთ ჯავახეთში. მალევე დავაანონსებთ ვინ წარადგენს ჩვენს პარტიას რეგიონში,“ – გვითხრეს პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
სამცხეში პარტიამ უკვე წარადგინა დეპუტატობის კანდიდატი. ახალციხეს-ადიგენის-ასპინძის და ბორჯომის მოსახლეობის ინტერესებს , გამარჯვების შემთხვევაში, პარლამენტში გოდერძი კუბლაშვილი დაიცავს.
სამცხე-ჯავახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია შემდეგია:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: სამცხე – ვაჟა ჩიტაშვილი, ჯავახეთი – მელიქ რაისიანი.
„ევროპული საქართველო“: სამცხე – ზურაბ ჩილინგარაშვილი, ჯავახეთი – არსენ კარაპეტიანი.
„ქართული ოცნება“: სამცხე – ანტონ ობოლაშვილი, ჯავახეთი – სამველ მანუკიანი.
ასევე, მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატი, ჯავახეთში, ენზელ მკოიანმა TOK TV-ს განუცხადა, რომ თუ მოსახლეობისგან მოთხოვნა იქნებოდა დამოუკიდებელ კანდიდატად წარსდგებოდა.
საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება, ამის შესახებ განკარგულება პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 31 აგვისტოს გამოსცა.
საპარლამენტო არჩევნები 1%-იანი ბარიერით ჩატარდება, სადაც 120 დეპუტატი პროპორციული და 30 — მაჟორიტარული სისტემით მოხვდება.