სამცხე-ჯავახეთში არსებულმა კოვიდკლინიკებმა თავდაპირველი პროფილი დაიბრუნეს. შესაბამისად ახალციხის, ადიგენის და ნინოწმინდის კლინიკები კოვიდპაციენტებს ვეღარ მიიღებენ.
სამედიცინო დაწესებულებებში განმარტავენ მათ კოვიდინფიცირებული პაციენტების მიღება არ შეუძლიათ, თუმცა იმ შემთხვევაში თუ პაციენტს კლინიკაში ყოფნის დროს დაუდასტურდება ვირუსი სამედიცინო მომსახურება ჩვეულებრივ გაეწევა.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, პროცესი კოვიდინფიცირების კლების შედეგია. რაც შეეხება იმ პირებს, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდებათ, მათ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს (112) უნდა მიმართონ.
“ოჯახის ექიმები მართავენ ბინაზე ინფიცირებულებს თუ დასჭირდება გადაყვანა, საკითხს 112 მოაგვარებს”, – გვეუბნება ახალციხის კლინიკა “იმედის” მენეჯერი მზია კაკოშვილი.
კოვიდკლინიკის სტატუსი აღარ აქვს არც ბორჯომის “ჯეო-ჰოსპიტალსს”, როგორც დირექტორი ირაკლი დიასამიძე გვეუბნება, მიუხედავად სტატუსის გაუქმებისა ისინი მაინც შეძლებენ კოვიდინფიცირებული პაციენტების მიღებას.
აქვე გეტყვით, რომ კოვიდკლინიკები ფუნქციონირებდა სამცხე-ჯავახეთის 4 მუნიციპალიტეტში: ახალციხეში, ადიგენში, ნინოწმინდაში და ბორჯომში. კლინიკებს სტატუსი 15 მარტიდან შეუჩერდათ.