სამცხე-ჯავახეთში კორუფციისთვის ნასამართლევი პირები სახელმწიფო შესყიდვებს იღებენ – TI

June 18, 2021

სახელმწიფო შესყიდვებში გამოვლენილი დარღვევებისა და ბიუჯეტის თანხების მითვისებისთვის გასამართლებულმა ოთხმა პირმა, 2014-2021 წლებში, 80 სახელმწიფო შესყიდვიდან 7 442 197 ლარი მიიღო,” – კვლევას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აქვეყნებს.

ჩვენი რედაქცია თემაზე მუშაობას განაგრძობს, მანამ გაეცანით კვლევას

ნოდარ ბალახაშვილი

ნოდარ ბალახაშვილს, 2014-2018 წლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტში ჯერ  ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის პოზიცია ეკავა, შემდეგ კი ამავე საკითხებში მერის, ზაზა მელიქიძის მრჩეველი იყო. თვითმმართველობაში თანამდებობის დაკავებამდე, ნოდარ ბალახაშვილი საპროექტო კომპანია, შპს „მშენსერვისი 2012“-ის 100% წილის მფლობელი და დირექტორი იყო. თანამდებობაზე დანიშვნისთანავე მან კომპანია სიძეს (შვილის ქმარს), დავით ზედგინიძეს გადასცა.

ახალციხის მუნიციპალიტეტში მუშაობის პერიოდში ნოდარ ბალახაშვილი როგორც სატენდერო, ასევე, მიღება-ჩაბარების კომისიების წევრი იყო. მისი სიძის კომპანიამ, 2015 წლის აპრილში, ახალციხის მუნიციპალიტეტის ორი ტენდერი უკონკურენტოდ, ფასთა კლების გარეშე მოიგო ჯამში 2 500 ლარის ოდენობით . ორივე შემთხვევაში ნოდარ ბალახაშვილმა მიუთითა, რომ შპს „მშენსერვისი-2012”-თან ინტერესთა კონფლიქტში არ იმყოფებოდა. ასევე, ჩაიბარა სიძის კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოები.

ნოდარ ბალახაშვილს თანამდებობის დატოვება 2018 წლის თებერვალში,  მას შემდეგ მოუხდა, რაც  მის მიერ შედგენილი ახალციხის რვა ქუჩის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების გამო გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს.  საქმე, 2013 წელს,  შპს „რენესანსი 77“-თან 58 000 ლარზე გაფორმებულ პირდაპირ  შესყიდვას ეხებოდა. მაშინ ბალახაშვილი შპს „რენესანსი 77”-ში ინჟინრის პოზიციაზე მუშაობდა. მან სსკ-ის 220-ე პრიმა, გულგრილობის, მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, აღიარა და საპროცესო გარიგებაზეც წავიდა. 

ახალციხის მუნიციპალიტეტში თანამდებობის დატოვებიდან მალევე, ნოდარ ბალახაშვილმა სიძისთვის გადაცემული შპს „მშენსერვისი -2012“ უკან დაიბრუნა და  ინდივიდუალურ მეწარმედაც დარეგისტრირდა.

თვითმმართველობაში დასაქმებამდე მისი კომპანია საპროექტო და სამშენებლო ტენდერებში მონაწილეობდა, მერიიდან წასვლის შემდეგ კი სოციალური პაკეტების შეძენისთვის გამოცხადებულ ტენდერებშიც ჩაერთო. თუ თანამდებობის დაკავებამდე მას ახალციხის მუნიციპალიტეტთან არცერთი ტენდერი არ ჰქონდა მოგებული, მუნიციპალიტეტში პოზიციის დაკავების შემდეგ ყველა ტენდერი მხოლოდ ახალციხის მერიაში მოიგო. 12 ტენდერიდან ჯამში 70 845 ლარი დაერიცხა. მათგან 10 უკონკურენტოდ მოიგო, ერთი კი – სხვისი დისკვალიფიკაციის ხარჯზე. უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით ბალახაშვილს სულ 52 897 ლარი დაერიცხა.

რაც შეეხება პირადაპირ შესყიდვებს, მასთან საპროექტო სამუშაოების შესრულებაზე 9 ხელშეკრულება გაფორმდა, ჯამში, 58 707 ლარზე, აქედან 4 – ახალციხის მერიასთან 31 910 ლარზე.

2018-2020 წლებში,  ნოდარ ბალახაშვილმა სულ 21 სახელმწიფო შესყიდვა მიიღო და ხელშეკრულებები 129 552 ლარზე გაუფორმდა. აქედან 16 შესყიდვისთვის ახალციხის მერიიდან 102 755 ლარი დაერიცხა.

თამაზ პეტაშვილი

კიდევ ერთი პირი ვინც, ე.წ. რვა ქუჩის საქმეზე, 2018 წლის დასაწყისში, ნოდარ ბალახაშვილთან ერთად პასუხისგებაში მისცეს, შპს „მესხეთავტოგზას“ დირექტორი და 12% წილის მფლობელი თამაზ პეტაშვილია. „მესხეთავტოგზა“ 2017 წელს, როგორც შპს „არალის“ ქვეკონტრაქტორი, ახალციხის ქუჩებში ასფალტს აგებდა. საქმის მასალების მიხედვით, „მესხეთავტოგზამ“ ნაკლები მოცულობისა და სისქის ასფალტი დააგო, ანგარიშგებისას კი გაზრდილი მოცულობები დააფიქსირა. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, სსკ-ის 210-ე მუხლით, რაც ყალბი საანგარიშგებო დოკუმენტის დამზადებას გულისხმობს,  თამაზ პეტაშვილს გამამტყუენებლი განაჩენი გამოუტანა.

პეტაშვილის პასუხისგებაში მიცემიდან მესამე ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელ გადაწყვეტილებამდე, 2018-2020 წლებში, შპს „მესხეთავტოგზამ“  6 ტენდერი მოიგო და 3 055 565 ლარი დაერიცხა. თამაზ პეტაშვილი 33%-იან წილს  ფლობს კიდევ ერთ სამშენებლო კომპანიაში, შპს „ოცხეში“, რომელმაც ამავე პერიოდში მოიგო  7 ტენდერი და მიიღო 511 665 ლარი.   ჯამში, პეტაშვილის ორივე კომპანიას, სამ წელში, 13 სახელმწიფო შესყიდვით, ხელშეკრულებები 3 567 230 ლარზე გაუფორმდა.

აღსანიშნავია, რომ შპს „მესხეთავტოგზას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და 12% წილის მფლობელი გიორგი აღლემაშვილი, 2020 წლის ივლისში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსად დაინიშნა. კომპანიაში საკუთარი წილი აღლემაშვილმა შვილს გადასცა.

დავით ჩაჩანიძე

შპს „რენესანსი 77“-ისა და შპს „ნიუ პროჯეკტის“ მფლობელი და დირექტორი დავით ჩაჩანიძე, 2018 წლის თებერვალში, ახალციხის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 000 ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის გაასამართლეს. მან სსკ-ის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული აღიარა და საპროცესო გარიგებაზეც დათანხმდა. საქმე 2015 წლის სექტემბერში ახალციხის მუნიციპალიტეტში შპს „ნიუ პროჯეკტის“ მიერ  მოგებულ,  86 500 ლარის ღირებულების ტენდერს ეხებოდა. სატენდერო პირობების მიხედვით, ჭვინთაში, ტატანისსა და კლდეში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო.

2018-2021 წლებში შპს „ნიუ პროჯეკტმა“ 15 მოგებული ტენდერით 1 765 580 ლარი მიიღო. აქედან 6 ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო (446 098 ლარი), 3 კი – კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე (400 750 ლარი). ამავე პერიოდში, დავით ჩაჩანიძის მეორე კომპანიას – შპს „რენესანსი 77”-ს 9 სახელმწიფო შესყიდვით 41 951 ლარი დაერიცხა.

ჯამში, ბიუჯეტის ფულის მითვისებისთვის მსჯავრდებულმა დავით ჩაჩანიძემ, სამ წელში 24 სახელმწიფო შესყიდვით 1 807 531 ლარი მიიღო.

გურამ ფარცახაშვილი

შპს „სამცხე – XXI“-ს 71,6 % წილის მფლობელი და დირექტორი გურამ ფარცახაშვილი, 2014 წლის აპრილში, სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 33 400 ლარის მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით  პასუხისგებაში მისცეს. მას პირველი ინსტანციის სასამართლომ რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა მეორე ინსტანციაში საქმის განხილვის ეტაპზე, ფარცახაშვილთან საპროცესო გარიგება გაფორმდა. საქმე 2013 წლის ივლისში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერს ეხებოდა, რომლის მიხედვითაც „სამცხე – XXI“-ს, 54 800 ლარით, ახალციხეში, ასპინძის ქუჩის N28-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განეხორციელებინა.

ფარცახაშვილის პასუხისგებაში მიცემიდან, 2014 წლის აპრილიდან 2021 წლის თებერვლამდე, შპს „სამცხე – XXI“-მ 18 სახელმწიფო შესყიდვა მიიღო, ჯამში, 1 849 410 ლარზე.

ასევე, 2019 წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან ოთხი პირდაპირი შესყიდვა გააფორმა ფარცახაშვილის კიდევ ერთმა კომპანიამ – შპს „მშენებელი II“-მა და 88 474 ლარი დაერიცხა. ფარცახაშვილი ამ კომპანიის მფლობელი და დირექტორიც თავადაა.

ჯამში, 33 400 ლარის მითვისებაში მსჯავრდებულმა ფარცახაშვილა, 2014-2021 წლებში 22 სახელმწიფო შესყიდვით, 1 937 884 ლარი მიიღო.

რეკომენდაციები:

კორუფციისთვის გასამართლებული პირების მიერ სახელმწიფო შესყიდვებით მილიონობით ლარის მიღება ეწინააღმდეგება როგორც შესყიდვების სფეროს რეგულირების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, ისე საქართველოს პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს.

აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ანტიკორუფციული ქსელი და ევროპის საბჭო საქართველოს ურჩევს, შეზღუდოს კორუფციასთან დაკავშირებული პირების სახელწიფო შესყიდვებში მონაწილეობა და ეს შეზღუდვები გავრცელდეს, როგორც კომპანიაზე, ასევე კომპანიის მესაკუთრეებზე.

  • რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევიდეს ცვლილება საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობაში, რომელიც კორუფციაში და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ თაღლითობაში გამოვლენილ კომპანიებს და მის მესაკუთრეებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას შეუზღუდავს მინიმუმ იმ ვადით, სანამ მათი ნასამართლეობა არ გაქარწყლდება.
  • სახელმწიფო შესყიდვებში კონტრაქტორ კომპანიებს უნდა აეკრძალოთ, ისეთი კომპანიის ქვეკონტრაქტორად გამოყენება, რომელთა მფლობელებიც კორუფციაში ან თაღლითობაში იყვნენ მხილებული.