სამცხე-ჯავახეთში სექტემბერში უკანონო ტყითსარგებლობის 10 შემთხვევა გამოვლინდა

October 6, 2025

2025 წლის სექტემბერში, საქართველოში უკანონო ტყითსარგებლობის 106 ფაქტი გამოვლინდა, აქედან 10 სამცხე-ჯავახეთში – ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, გამოვლენილი შემთხვევებიდან 71 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 35 კი — სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და უკანონო საამქროების ფაქტებს.

ამავე წყაროს ცნობით, მათ შორის 13 შემთხვევა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი — 32 ფაქტი აჭარაში დაფიქსირდა; იმერეთში გამოვლენილია 22 სამართალდარღვევა, კახეთში — 10, სამცხე-ჯავახეთში — 10, სამეგრელო-ზემო სვანეთში — 10, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში — 8, ქვემო ქართლში — 7, შიდა ქართლში — 6, გურიაში კი — 1.

საერთო ჯამში, ამოღებულია 208 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე, ხოლო ქვეყნის მასშტაბით დალუქულია 5 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

დეპარტამენტის ინფორმაციით, 2025 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით უკანონო ტყითსარგებლობის 1221 ფაქტი გამოვლინდა და დალუქულია 52 უკანონო საამქრო.