ადიგენის კულტურის სახლი, მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი ახალციხეში, მუზეუმის ფონდსაცავი ახალციხეში, „მწვანე ბაღი“ ახალციხეში, ახალციხის სამუსიკო სკოლა, რაბათის აბანოები, ვარძია-ხერთვისი-ოლოდა, სოფელი ჭაჭკარი, მესხური დარბაზები და ბორჯომის ისტორიული პარკი – ამ პროექტების განხორციელება სამცხე-ჯავახეთში სხვადასხვა დროს დააანონსეს, თუმცა “საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს” ინფორმაციით, დღემდე არცერთი მათგანი არ გაუკეთებიათ. ორგანიზაციამ კვლევა დღეს გამოაქვეყნა.
კვლევის მიხედვით, ამ პროექტების მოსამზადებლად ხელისუფლებამ მილიონ ასი ათას ლარზე მეტი ( 1,102,844) ღირებულების 14 სადოკუმენტაციო პაკეტი იყიდა, რომელთაგან 92.7% ( 1,023,244 ლარი) პირდაპირი შესყიდვის ფორმით.
“საერთაშორისო გამჭვვირვალობა–საქართველოს” რეგიონალური კოორდინატორი თამუნა უჩიძე გვეუბნება, რომ ამ პროექტების ნაწილის განხორციელებისათვის მომზადებული დოკუმენტების ნაწილი გამოუსადეგარია, ნაწილს კი შეცვლა და შესაბამისად, ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯის გაწევა დასჭირდება.
რატომ არ განხორციელდა მტკვრის ხეობის გასწვრივ 20 კილომეტრიან მონაკვეთზე, ვარძია-ხერთვისი-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის პროექტი და რა ეტაპზეა სოფელი ჭაჭკარის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის რეაბილიტაცია ? ამ კითხვებით ჩვენ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერს როსტომ მაგრაქველიძეს დავუკავშირდით.
მისი თქმით, აღნიშნული პროექტები აქტუალური არ არის და ამ ეტაპზე კონსულტაციები და სამუშაო პროცესები არ მიმდინარეობს.როსტომ მაგრაქველიძე ამბობს, რომ “არამიზნობრივად არც ერთი თეთრის დახარჯვას არ აპირებს და რაც შეეხება ამ პროექტების მომზადებაში დახარჯულ თანხებს, ისინი, მისივე თქმით, მისი მერობის პერიოდი არ უკავშირდება.”
რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს, ახალციხის მერიის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს რომ ამ საკითხებზე კომენტარს ვერ გააკეთებდნენ. ბორჯომის მერიაში კი ჩვენს ზარებს არ უპასუხეს. ადიგენის მერი კომენტარის გაკეთებას დაგვპირდა, შესაბამისად მასალა მისი პოზიციის გაცნობის შესაბამისად განახლდება.