- ადიგენში მიწების გამო დავის გაგრძელება საპატრიარქოსა და ადგილობრივებს შორის უზენაეს სასამართლოშიც იგეგმება
- ნახეთ EMC-ს ადვოკატის, ადგილობრივის და საპატრიარქოს პოზიცია
- რა როლი აქვს მუნიციპალიტეტს სახელმწიფო მიწების გასხვისებისას და როგორია პროცედურები? – კოკა კიღურაძე, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში
ადიგენში ქვაბიჯვარის ტერიტორიაზე 8 ჰექტრის ფართობზე არსებული საძოვრები, უკვე სამი წელია ადგილობრივებსა და საპარტიარქოს შორის დავის საგანია. მიწები, რომლებსაც ადგილობრივები სხვადასხვა დანიშნულებით იყენებდნენ ქონების მართვის სააგენტომ 2018 წელს საპატრიარქოს სამეურნეო დანიშნულებისთვის გადასცა. გადაწყვეტილება 13 ოჯახს შეეხო, თუმცა საპატრიარქოსთან დავაში მხოლოდ 5 მათგანი შევიდა. მანამ მიწები სახელმწიფოს საკუთრება იყო.
გადაწყვეტილების გამო ჯერ დავა ახალციხის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობდა, შემდეგ – სააპელაციო ინსტანციაში და ახლა ადგილობრივების ნაწილი უზენაესი სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავენ.
25 თებერვალს, სადავო მიწების საკითხზე სააპელაციო სასამართლომ ერთ-ერთი მიწის ნაკვეთის საპატრიარქოსთვის გადაცემა უკანონოდ სცნო და სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. EMC-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნულ შემთხვევაში მიწის ზუსტი იდენტიფიკაცია შესაძლებელი გახდა ექსპერტიზით, რის საფუძველზეც საძოვრების გასხვისების გადაწყვეტილება გაბათილდა.
ლევან ბერიძე ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც მიწების გამო სასამართლოში ჩივის. ამბობს, რომ მისი ოჯახი სადავო მიწებს საძოვრად თაობებია იყენებს. ამ დროისთვის 20 სული საქონელი ჰყავს. გვიყვება რომ მესაქონლეობა და საძოვარზე პირუტყვის გამოკვება მისი ოჯახისთვის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა და ამ რესურსის გარეშე გაუჭირდება.
დავის გაგრძელებას გეგმავს საპატრიარქოც. მისი ინტერესების დამცველი კვლავ ფიქრობს რომ მოქალაქეები ტყუიან. შეგახსენებთ, რომ ედიშერ ქარჩავას გასულ წელსაც იგივე პოზიცია ჰქონდა.
რა როლი შეასრულა მიწების გადაცემის პროცესში ადიგენის მერიამ? უწყებაში გვეუბნებიან, რომ მიწები სახელმწიფო საკუთრება იყო და შესაბამისად მათზე არ იყო დამოკიდებული გადაცემა – არ გადაცემის საკითხი და ვერც “მედიატორის” როლს შეასრულებდნენ.
რა როლი აქვს მუნიციპალიტეტს სახელმწიფო მიწების გასხვისებისას და როგორია პროცედურები? ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, კოკა კიღურაძე გვეუბნება, რომ მერის წარმომადგენელმა სოფელში უნდა მოიკვლიოს რამდენად იყენებს მოსახლეობა მიწის ნაკვეთს და ანგარიში ქონების მართვის სააგენტოს მიაწოდოს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კვლავ მიაჩნიათ თუ არა საძოვრების გასხვისება სწორ გადაწყვეტილებად ქონების მართვის სააგენტოში და რატომ ვერ შეძლეს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება უწყებაში თუ კი ეს შესაძლებელი იყო? ამ კითხვით ჩვენ ქონების მართვის სააგენტოს მივმართეთ, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ
ჩვენი რედაქცია თემაზე მუშოაბას განაგრძობს და მოვლენების განვითარებას მომავალშიც გაგაცნობთ.
აქვე გთავაზობთ ინფორმაციას საპატრიარქოსთვის გადაცემული მიწების მიზნობრიობის შესახებ. როგორც საპატრიარქოში განმარტავენ, ერთ-ერთ ნაკვეთზე ტაძრის ნანგრევებია, რომლის აღდგენაც იგეგმება. დანარჩენი ტერიტორია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენება.
ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889